ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა გამყოფ ხაზთან პოროშენკოს ვიზიტს პროვოკაციად აფასებს
ცხინვალის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ბოროტ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, მისი თქმით, ოფიციალური თბილისი სტუმრებს ,,სარიტუალო ექსკურსიებს" სასაზღვრო ზონაში უწყობს.

,,უკანასკნელ პერიოდში, ეს გახდა საქართველოს ხელისუფლებისთვის ბოროტი ტრადიცია, როდესაც საქართველოს პირველი პირები სტუმრებს სარიტუალო ექსკურსიებს საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე უწყობენ, რომელიც თავისი ბუნებით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს" - აცხადებს დიმიტრი მედოევი ოსურ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, არც პოროშენკო აღმოჩნდა გამონაკლისი, რადგან მას ხვდა დიდი პატივი გამხდარიყო მორიგი ,,სასაზღვრო კლოუნიადის" მონაწილე და დაედასტურებინა ,,ტერიტორიული მთლიანობა".

,,იდგა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან და არ შეეძლო სუვერენულ სახელმწიფოში შესვლა. უკრაინის მოთხოვნა, პოროშენკოს სახით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნის შესახებ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფიქციაა" - აღნიშნავს არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღეს პეტრო პოროშენკო სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართები უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე გადის.

უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივებს, რომლებიც გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ, პირადად ესაუბრა.

მისი განცხადებით, გამყოფი ხაზი არ არის მხოლოდ ხაზი, ეს არის უფსკრული აწმყოსა და მომავალს შორის, რომელსაც რუსეთის ოკუპაცია ახორციელებს.

"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელთან, კახაბერ ქემოკლიძესთან ერთად, რუსეთის სამხედრო ბაზებთან არსებული მდგომარეობას გაეცნო.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ სოფელი ოძისის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმყოფებოდა, შემდეგ კი, გორის მუნიციპალიტეტისკენ გადაინაცვლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები