ახალი ამბები
უწყლო ყარაფილელების დანაკარგი (Photo/Video)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: ყარაფილასა და ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე ხნული რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ, დღეს, დილით გაავლეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ სოფლიდან ორი ტრაქტორი მუშაობდა. ადგილობრივმა მწყემსმა დაინახა, რომ ხნული იმ ადგილას გაავლეს, სადაც ორი წლის წინ იგივე გააკეთეს.

გიორგი ტეხაშვილი ამბობს, რომ ამ ხნულმა ძირითადად ორჭოსნელები დააზარალა, რადგან 18 ჰა მიწის ფართობი, რომელიც კომუნისტების პერიოდში ყარაფილას მეურნეობამ ორჭოსანის საბჭოთა მეურნეობას გადასცა, დღეს ყარაფილას მხარეს დარჩა:

,,ჯერ კიდევ შარშანწინ, რუსმა სამხედროებმა აუკრძალეს ორჭოსნელებს მაგ ნაკვეთებში მუშაობდა. 70-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გადავეცით ეგ მიწები მაგათ მეურნეობას და შარშანწინამდე ორჭოსნელები სარგებლობდნენ." - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გიორგი ტეხაშვილი.



მისი თქმით, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც იგივე სიტუაციაა, რაც ჩრდილოეთით:

,,საბჭოთა მეურნეობების დროს ჩვენი და მაგათი მეურნეობა სხვათა შორის ღობით იყო გაყოფილი. 1972 წელს ცეკა ჩაერია ჩვენს საქმეებში. მართალია, 18 ჰა ფართობი სოფლის ზევით გადავეცით ორჭოსნის მეურნეობას, სამაგიეროდ, მდინარე ტორტლას ქვემოთ ავტობანამდე რაც მიწები იყო, ჩვენ მეურნეობას გადმოსცეს. ანუ ორჭოსნის მეურნეობის საზღვარი ზედ ავტობანზე გადიოდა. ამ ხნულით, ფაქტობრივად, ჩვენ ტორტლას ქვემოთ მიწებიც დაგვრჩა და ის 18 ჰა-იც, რაც საბჭოთა მეურნეობის დროს ჩრდილოეთ დავთმეთ. საძოვრებიც და მიწებიც დაგვრჩა" - ამგვარად აგვიხსნა ვითარება გიორგი ტეხაშვილმა.

სამაგიეროდ ჩვენს ყარაფილელ მასპინძელს გამყოფმა ხაზმა შვილთან და შვილიშვილებთან დააშორა.



,,ჩემი გოგო ორჭოსნის განაპირას ცხოვრობს. იქ არის გათხოვილი. აქედან რომ დავიძახო, ჩემ ხმას იქ გაიგებს, მაგრამ ვერ ვნახულობ. ყოველდღე მირეკავენ და მკითხულობენ, სულ მეკითხებიან, ნეტავ როდის გააღებენ ,,კარებს", რომ გნახოთო. ორი შვილიშვილი მყავს - უფროსი 7 წლისაა და უმცროსი 6 წლის. შარშანწინ გადავედი, მოვასწარი ნახვა, მაგრამ მაინც დამიჭირეს, გადამიყვანეს ცხინვალში და ჯარიმის გადახდის შემდეგ გამანთავისუფლეს. მას შემდეგ აღარ მინახავს შვილი და შვილიშვილები" - გვითხრა გიორგი ტეხაშვილმა.

ჩვენი საუბრის დროს სასმელი წყლის ონკანს 15-მდე ინდაური მოადგა. სოფელში, სადაც 40-მდე კომლი ცხოვრობს, სასმელი წყლის 15-მდე ონკანია, თუმცა, წყალი მხოლოდ დილის საათებში მოდის და ყველას არ ჰყოფნის.

როგორც ირკვევა, ონკანების დამონტაჟებამდე სოფელი ბუნებრივი წყლით სარგებლობდა. წყლის რაოდენობა იმდენი იყო, რომ მომდინარე წყლით სოფლის სამხრეთით 8-10 ჰა ფართობი თვითდინებით ირწყვებოდა.

,,რაც ეს ონკანები გააკეთეს, მას შემდეგ წყალი სასმელადაც კი არ გვაქვს საკმარისი" - ამბობს გიორგი ტეხაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი ამ სოფლიდან ერთი წლის წინაც მოამზადა.



სოფელში სამგზავრო ტრანსპორტი არ დადის.

მზია მელაძე, რომელიც მარტოხელა მამას სოფელში მეუღლესთან ერთად ესტუმრა, ამბობს, რომ ადრე სამგზავრო ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადიოდა.

,,ახლა საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. მთავარ გზამდე მოსახლეობა ფეხით მიდის. კილომეტრნახევარია მანძილი. ზამთარში კი უფრო ჭირს სადმე წასვლა" - ამბობს მზია მელაძე. მამამისს სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა. ,,მეუღლე დამეღუპა, მერე სოციალური დახმარება მომიხსნეს. ერთადერთი ძროხა მყავს. მაღალი ქულები მაგიტომ დამიწერეს" - გვითხრა გივი მელაძემ, მზია მელაძის მამამ.

ყარაფილაში საბავშვო ბაღი არ არის, არც სკოლა. 8 მოსწალე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მანქანით სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლაში დადის. კოდისწყაროს სკოლაც არასრულია. შემდეგ კი სწავლის გაგრძელების მსურველები სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში დადიან.

ოსურ სოფელ ყარაფილაში დღეს 35 კომლი ცხოვრობს, რომელთა შორის ვაზაგაშვილები, მელაძეები და ტეხაშვილები არიან.

სოფელში ბუნებრივი აირი შეყვანილია, ელექტროენერგია გამრიცხველიანებულია. სასმელი წყლის ონკანები უბნებში რამდენიმე ადგილას დამონტაჟებულია, თუმცა წყალი ყოველდღიურად არ მოდის. რეზერვუარიდან არათანაბრად ნაწილდება. 






სოფლის შესასვლელში წმინდა გიორგის (ვასთერჯი) სალოცავია აშენებული. 

,,ეს ჩვენი სალოცავია, ვასთერჯი. წმინდა გიორგის სადიდებლად ჩვენმა თანასოფლელმა ვალიკო ტეხთიმ აგვიშენა ამ ზაფხულს. ის ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს, აქედანაა წასული 90-იან წლებში" - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჟუჟუნა ვაზაგაშვილმა.

მემორიალურ დაფასთან ვალიკო ტეხთის ლექსია ამოტვირთული, რომელიც მშობლიურ სოფელ ყარაფილას მიუძღვნა. ჟუჟუნა ვაზაგაშვილმა ის წაგვიკითხა და შემდეგ გვითარგმნა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები