ახალი ამბები
ბერშუეთთან მდებარე სამების სალოცავთან ორი მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთთან რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი სამების სალოცავში იმყოფებოდნენ. ზაზა ბერიანიძე ბერშუეთის მკვიდრია, ხოლო ლევან ტურაშვილი - ზერტის მცხოვრები.

სალოცავთან მყოფი პირები სამხედროებმა, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალში წაიყვანეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლო საქმეს ორი დღის განმავლობაში განიხილავს.

სამების სალოცავი გამყოფ ხაზს ესაზღვრება. აღნიშნული ადგილიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი აპრილში მოამზადა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასულ წელს, დაკავებას ოჯახის წევრები, მათ შორის, ქალი და ბავშვები გადაურჩნენ. მათ დროულად შეამჩნიეს სამხედროები.

მიმდინარე წელს კი, 6 ივნისს ადგილობრივი მკვიდრი მიხეილ ბიძინაშვილი დააკავეს.

ჯერ კიდევ აპრილში, საქართველოს პოლიციის დახმარებით, ბერშუეთელებმა სამებობა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ქვეშ, აღნიშნეს.




ისრებით ნაჩვენებია გზა, რომლითაც სალოცავში ასვლა შეიძლება - სალოცავი მუხის ხეებს შორის, ნაძვების ზევით მდებარეობს




Print

სტატიის გამოყენების პირობები