ახალი ამბები
ცხინვალში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აშენდება
ცხინვალში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აშენდება.

ამის თაობაზე დღეს დე-ფაქტო მთავრობის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდება.

ბიბილოვის პრეს-სამსახურის ცნობით, ეკლესიის მშენებლობის გარდა, პატრიარქთან, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ცხინვალელი ახალგაზრდების სწავლების საკითხიც განიხილება.

ქალაქ ცხინვალში ამჟამად საკათედრო ტაძრად სიონის ეკლესია ითვლება. მხედრულად შესრულებული საამშენებლო წარწერის მიხედვით,  მისი აგების ზუსტი თარიღი – 1718 წელია.  ცხინვალის სიონის ტიპურ-ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, როგორც წარწერიდან ჩანს, აგებულია  მეფე ვახტანგ VI-ის მეფობის დროს.

XX საუკუნის 20-იან წლებში ტაძარში ღვთისმსახურება შემწყდარა. საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლებისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შემდეგ იგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმად იქცა.

1990 წელს ტაძარი აკურთხა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ. იმავე წლის 28 აგვისტოს, ტაძარში საზეიმო ლიტურგია მანვე აღავლინა. 1991 წლის 7 იანვარს ქართულმა მოსახლეობამ მშობლიური ქალაქი დატოვა. მას შემდეგ აქ საეკლესიო სამართლის დარღვევით მოქმედებს რუსული სქიზმატური ეკლესია. ცხინვალის სიონის მღვდელმსახურს ალექსანდრე ფუხაევს ხელი დაასხა რუსეთის ეკლესიის იერარქმა, რომელიც იმ დროისათვის არ ექვემდებარებოდა მოსკოვის საპატრიარქოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები