ახალი ამბები
მურატ ჯიოევი გამყოფ ხაზთან სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს
ვითარების მოსალოდნელი გართულების გამო დე-ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.

ამის შესახებ სპეციალური განცხადება მან ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე დღეს განაცხადა. სააგენტო ,,რესის" ცნობით, ჯიოევი ე.წ. ,,პატრულირების აქციას" პროვოკაციას უწოდებს და სიტუაციის დაძაბულობის ზრდას არ გამორიცხავს.

,,აქცია, რომელიც დღეს დაანონსდა, წარმოადგენს საშიშროებას სასაზღვრო რაიონში, რადგან ის შესაძლო პროვოკაციულ ქმედებებთანაა დაკავშირებული და გაართულოს სიტუაცია. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ მხარეს, რომელიც არ ეწინააღმდეგება ასეთ ქმედებებს" - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

მისი განმარტებით, ეს აქცია იმ პროვოკაციულ, პროპაგანდისტულ სცენარში ჯდება და დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ცოტა ხნის ბერშუეთში თბილისელი აქტივისტების მხრიდან.

ჯიოევის განცხადებით, გრძელდება ცილისმწამებლური თავდასხვა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მესაზღვრეების მხრიდან, რომლებიც თითქოსდა სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიაზე დგამენ.

,,სხვათა შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთა სპეციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სოფელ ბერშუეთთან ბანერი დაიდგა არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სწორედ, ამიტომ, სადამკვირვებლო მისია გარკვეული ძაების თავდასხმის ობიექტი გახდა." - აღნიშნა ჯიოევმა.



შეგახსენებთ, დღეს დილიდან გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებთან, კერძოდ, ყარაფილას მონაკვეთთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.

აქციის მონაწილე თეა თაბაგარი ამბობს, რომ სამოქალაქო პატრულირების აზრი არის მარტივი. ,,საოკუპაციო ხაზზე ისე მიმდინარეობს ცვლილებები: ხნულების გაკეთება, ბანერების გადმოწევა, მავთულხლართის გაბმა, ხალხის გატაცება, სოფელის აწიოკება, რომ ამას EUMM-ც კი სრულფასოვნად არ აფიქსირებს. ჩვენ ვიწყებთ ამ შემთხვევების დაფიქსირებას და თქვენს ინფორმირებას დროულად. ასევე, ამ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების შეწუხებას." - აცხადებს იგი.

ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ჯგუფის გადაადგილება და მარშრუტი შეთანხმებული იქნება საოკუპაციო ზოლთან მყოფ პოლიციის დანაყოფებთან. ,,ეს მისია არაა მართული, დაფინანსებული და რაიმე სხვაგვარად ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან, მეტიც: თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ თავად ოკუპაციაა პოლიტიკური თემა, აპოლიტიკური აქციაც კია. მისი მიზანია ანტიოკუპაციური თემის გააქტიურება, მასში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და ანტიოკუპაციური გზავნილები ყოველდღე, საოკუპაციო ზოლიდან ყველა ახალი ამბის უსწრაფესად გავრცელება."- აცხადებს ლაშა ბერულავა.

ყარაფილასთან მწვანე ბანერი, პოლიციელების განმარტებით, 2011 წლიდან დგას. ხნული კი, პირველად 2015 წელს გაჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები