ახალი ამბები
ლიანა ბორცვაძე - პედაგოგი თამარაშენიდან (VIDEO)
66-წლის ლიანა ბორცვაძე, მეუღლესთან ერთად, ამჟამად, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე, თამარაშენის სკოლაში, ჯერ პედაგოგად, შემდეგ კი, სკოლის დირექტორად მუშაობდა.

ამბობს, რომ სკოლაში სასწავლებლად ცხინვალელი მოსწავლეებიც დადიოდნენ და ერთ მერხზე მსხდომ ქართველ და ოს ბავშვებს ასწავლიდა. ამაგდარი პედაგოგის შვილის საფლავს, ამჟამად, ცხინვალელი, ყოფილი მეზობელი აქცევს ყურადღებას. ,,საფლავის ქვა ისევ დგას, ჩემ მეზობლად ერთი ოჯახი, ცხოვრებოვები ცხოვრობდნენ, ის მიდის ხოლმე და აქცევს ყურადღებას, საფლავი და საერთოდ საფლავები დაზიანებული არაა. მხოლოდ, ალუმინის ნაწილები აქვს მოცლილი ღობეებს." - ამბობს ლიანა ბორცვაძე.

ლიანა ბორცვაძე ყოველი წლის აგვისტოს მოახლოებას სევდიანად ხვდება. 9 წელია შვილის საფლავი აღარ უნახავს და ამ იარის მოშუშებას სხვადასხვა გზებით ცდილობს. ,,სოფელ ერედვის სიახლოვეს, დიცთან, საფლავებია. აღდგომას იქ მივდივარ ხოლმე და ჩემი შვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ამ საფლავებზე ვაგორებ წითელ კვერცხებს. თან ჩემთვის შვებაა იმ მთების დანახვა, სადაც ვცხოვრობდით" - აცხადებს ლიანა ბორცვაძე.

მისი შვილი, აგვისტოს ომამდე, რამდენი წლით ადრე, რუსეთის სამშვიდობი ძალების წარმომადგენელმა მოკლა. ჭიაკოკონობას შეკრებილ ახალგაზრდებთან რუსეთის სამხედრო ნაწილის თანამშრომელი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ,,სოფელში ჭიაკოკონობა იყო, მთვრალი სამხედრო მივიდა მათთან და უთხრა: ყველა კავკასიელი მეჯავრებაო. ამ ფაქტს მოჰყვა ის, რომ ჩემ შვილს ესროლა და მოკლა"

2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ საჰაერო დარტყმების შეჩერებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება მიიღო, ლიანა ბორცვაძემ თამარაშენში შესვლა გადაწყვიტა. თამარაშენი და ცხინვალი ერთმანეთს ემიჯნება. რუსეთის არმიის ჯარისკაცებმა სოფელში შეუშვეს; როცა ადგილზე მივიდა, სახლი გადამწვარი, მაღაზია კი, გაძარცვული დახვდა.

,,სახლის ეზოში ვაშლის ხეები გვედგა. 12 აგვისტოს კი ვნახე, რომ აღარც სახლი გვაქვს, აღარც ბაღი, საერთოდ ხელცარიელი დავბრუნდი გორისკენ." - იხსენებს ლიანა ბორცვაძე.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მისცეს სახლი, სადაც მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს. მცირე ზომის მიწის ნაკვეთში ხეები დარგო. ვაშლის ხე უკვე გაიზარდა და ისხმას ნაყოფს. ცხოვრებას და სასოფლო სამეურნეო სამიანობას ენერგიულად აგრძელებს. ყველაზე მთავარი მისთვის მდინარე ლიახვთან ახლოს, ასევე, ამ მდინარის ხეობიდან დევნილებთან ერთად, თანაცხოვრება აღმოჩნდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები