დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთის
პარტიარქთან შეხვედრისას განუცხადეს, რომ ცხინვალში რუსული
მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს.
ამის შესახებ ბიბილოვს ცხინვალელი ჟურნალისტები, შეხვედრის დასრულების
შემდეგ, ესაუბრნენ. ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი და დე-ფაქტო
რესპუბლიკა კვლავაც რჩება მართლმადიდებლური ეკლესიის მომხრედ, ხოლო,
გარკვეული საკითხების გადასაჭრელად, შესაბამისი დრო არ არის.
ცხინვალის მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური შეხვედრამდე აცხადებდა,
რომ ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურთან
ახალი ეკლესიის მშენებლობას, ასევე, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში
ადგილობრივი ახალგაზრდების მივლინების საკითხს განიხილავდა.
,,პატრიარქთან შეხვედრისას განვიხილეთ საკითხი იმის შესახებ, თუ
სამხრეთ ოსეთის რომელ ეკლესიებში შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს
შესვლა. მოგეხსენებათ, ჩვენ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უამრავი
მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, სამხედრო პირები და ასევე ჩრდილოეთ
ოსეთიდან. დღეის მდგომარეობით, სამხრეთ ოსეთში არის ეკლესიები, სადაც
ნებისმიერ მართლმადიდებელ ადამიანს შეუძლია მოლოცვა. თუმცა, არის
პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. არავის აქვს უფლება
აუკრძალოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მართლმადიდებელს ლოცვა" - აღნიშნა
ბიბილოვმა.
რუსეთის პატრიარქთან შეხვედრამდე, ცხინვალის მედიამ ხელახლა
გამოაქვეყნა რეპორტაჟი ახალგორის რაიონიდან, რომელიც 2015 წელს
ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა. ცხინვალელი ჟურნალისტი წერდა, რომ
იკორთას ეკლესიაში ქართველმა მღვდლებმა რუს სამხედროები არ შეუშვეს.
დე-ფაქტო მთავრობის დაქვემდებარებული მედია საშუალება ირწმუნებოდა,
რომ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია სხვა ეთნიკურ
მართლმადიდებლებს წირვა-ლოცვას უზღუდავს. მაგალითისთვის მოიყვანეს ის
ფაქტი, თითქოს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეს ქართველმა მღვდლებმა
ოკუპანტი უწოდეს. რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია, ამის
თაობაზე, მეუფე ისაიას კომენტარი ჯერ არ გაგვაჩნია.
სტატიის გამოყენების პირობები