ახალი ამბები
გორელი ახალგაზრდა კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდების რამდენიმე  მოთამაშე ევროპულ ტურნირებზე მიიწვიეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის კალათბურთის განყოფილების უფროსმა-მწვრთნელმა დავით რუსიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ესპანეთში 16-წლამდე ასაკის კალათბურთელები - თამარ გიგაური და მარი ღარიშვილი გაემგზავრნენ.

რაც შეეხება ვაჟებს, 20-წლამდე ასაკის კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიკა დარბაიძე წავა, ხოლო 16-წლამდე ასაკის კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში ვოვა თავაქარაშვილი იქნება.

დღეს, სასპორტო სკოლის დარბაზში, კალათბურთელთა სამ გუნდს, სპორტული სეზონის წარმატებით დასრულების გამო, სიგელები გადასცეს. 

ქალაქ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციის გუნდებმა ახლახანს დასრულებულ 2016-2017 წწ სპორტულ სეზონში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. კერძოდ:

16 წლამდე ასაკის კალათბურთელ გოგონათა გუნდმა ქვეყნის ასაკობრივი ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და შესაბამისად ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

ბრინჯაოს მედლები, საქართველოს 18 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, მიიღო საკალათბურთო გუნდმა ,,გორი".

ასევე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (ნბა) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებაში ,,NBA ჯუნიორი" - უმცროსი ასაკის გორელი კალათბურთელები.

სამივე ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დაკომპლექტებული იყო შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის აღზრდილებით და ხელმძღვანელობდნენ ამავე სკოლის კალათბურთის სექციის მწვრთნელები.

გუნდებმა ჩემპიონატებზე გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების ხელშეწყობით იასპარაზეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები