მეხუთე დღეა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან წარმომადგენლები
მოძრაობისა ,,ძალა ერთობაშია" იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორი დავით
ქაცარავა და სხვა წევრები, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის
ფარგლებში, ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებიან.
სამოქალაქო პატრულირებას სპეციალური აღჭურვილობით სოფელ ნიგოზასთან
აწარმოებენ.
,,დადგინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია იდეის გარშემო გაერთიანება და რეალური
მოქმედების დაწყება. დადგინდა, რომ შეგვიძლია სწორად დაგეგმარება
მოქმედების და შემდგომ განხორციელება" - აღნიშნავს დავით
ქაცარავა.
სადამკვირვებლო პროცესში გარკვეული ცვლილება შეიტანეს და ეს
დაკავშირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
განცხადებასთან, სადაც რისკებსა და პროვოკაციების საფრთხეზეა
ლაპარაკი. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ
სამართალდამცავების მითითება გაითვალისწინეს და პატრულირება მხოლოდ
დღის საათებში განხორციელდება.
მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია" მშვიდობიან აქცია 24 ივლისიდან დაიწყო.
23 ივლისს, ყარაფილას სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ძალების
წარმომადგენლებმა გამყოფი ხნული გაავლეს. იმ მხარეს, რომელსაც
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს, ბაქო-სუფსის
მილსადენის ნაწილი მოჰყვა. აქციის ორგანიზატორების მიზანია პროცესებს
,,ლაივ-რეჟიმში" დააკვირდნენ და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის შესახებ
ინფორმაცია მოსახლეობას დაუყოვნებლივ გაავრცელონ.
ისინი 8 აგვისტოს საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ საქართველოს
მოქალაქეების მობილიზებასა და ცოცხალი ჯაჭვის შექმნას აპირებენ. ამ
აქციით ისინი რუსეთის ოკუპაციას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
სტატიის გამოყენების პირობები