ახალი ამბები
ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით დე-ფაქტო მთავრობა ახალი ხნულის გავლებას აპირებს
2017 წლის 3-დან 18 აგვისტოს ჩათვლით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გამყოფ ხაზთან ახალი ხნულის გავლებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტექნიკა ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, რომელიც თხრილებს უშუალოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან გააკეთებს.

დე-ფაქტო მთავრობა არ აკონკრეტებს იმ ადგილებს, სადაც ტექნიკა იმუშავებს, თუმცა, სხვადასხვა წყაროები არცევის, ჯარიაშენის, მერეთისა და აძვის მიმდებარე ტერიტორიებს ასახელებს.

ხანძარი, გასულ წელს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გაჩნდა და დიდ ფართობზე, სოფელ მერეთსა და ქსუისის მიჯნაზე გავრცელდა.

ცეცხლი ძირითადად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და ტექნიკის დახმარებით ჩააქრეს.

სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს ახალი ხნულის გაკეთება პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც რეგიონში დაძაბულობის შეტანას ისახავს მიზნად.

ფოტოზე: ხანძრის ჩაქრობა მერეთთან, 2016 წელი



Print

სტატიის გამოყენების პირობები