ახალი ამბები
შიდა ქართლის დამატებითი სოფლები, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები წელს დაიწყება
მიმდინარე წელს, შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ჯამურად, 27 მლნ ლარი 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფლის საჭიროებებისთვის გამოიყო. კერძოდ, 55 სოფელში გაზიფიცირების სრული, ხოლო 19 სოფელში - საპროექტო სამუშაოები შესრულდება.

სრული სამუშაოები ჩატარდება: გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის. ხოლო სოფელ ახალხიზასა და ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეიმუშავებენ.

კასპის მუნიციპალიტეტში სრული სამშენებლო სამუშაოები თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის პროექტები მომზადდება.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს, აქ გათვალისწინებული პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

ჯამში ახალი პროგრამით 14 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახი ისარგებლებს. სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გარდა 27 მილიონისა, საქართველოს მასშტაბით, უკვე მიმდინარეობს 20 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები სხვადასხვა სოფელში. წლის დასაწყისში დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათას ოჯახს მიეცემა.

2013-2017 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები