ახალი ამბები
გოსტიბეში მოლაშქრეთა დაკარგვის შესახებ ცნობა მცდარი აღმოჩნდა
კასპის შს სამმართველოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ გოსტიბესთან სამძებრო სამუშაოები დაასრულეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ახალქალაქის წარმომადგენელმა კასპის საკრებულოში, გიორგი დარბუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გოსტიბეს ტყეში მოლაშქრეთა დაკარგვის ფაქტი არ დადასტურდა, კერძოდ, როგორც გაარკვია, ერთ-ერთმა მოქალაქემ 112-ს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

,,მოქალაქის ვინაობა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრ 112-ში დარეკა და მოლაშქრეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ის რუსთავში ცხოვრობს" - გვითხრა გიორგი დარბუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით, არც დაწყებულა.

სატელეფონო შეტყობინება ,,ჭავჭავიანის ტყიდან" შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 5 ივლისს დაახლოებით 23:30 წუთზე შევიდა.

,,ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ზუსტად იმ ადგილებს ათვალიერებენ, რაც სატელეფონო შეტყობინებისას მივიღეთ. დაახლოებით, აღწერეს ტერიტორია, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ტელეფონი გამორთულია და ზარის ავტორს ვეღარ ვუკავშირდებით. გვითხრეს, რომ ოთხნი არიან და გზას ვერ აგნებდნენ" - აცხადებდნენ პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები