ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს
მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში გამოვლინდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის მწარმოებელი-დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორები, მათ შორის, მეფრინველეობის ფერმებისა და კვერცხის მწარმოებლების პროდუქტები შეამოწმა.

მისი თქმით, მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია კვერცხის 245 ნიმუშის სხვადასხვა მაჩვენებლებზე კვლევა.

ოფიციალური ინფორმაციით. საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს. სააგენტშო აღნიშნავენ, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის კვერცხი სრულად აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. 2016 წლის მონაცემით, საქართველოში 590 მლნ კვერცხი იქნა წარმოებული. შესაბამისად, ქვეყანაში კვერცხის იმპორტის რაოდენობა მინიმალურია (გარდა ინკუბირებისთვის შემოტანილი კვერცხისა).

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები