ახალი ამბები
წმინდაწყალზე ძაღლს იარაღიდან ესროლეს
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ძაღლი დაჭრილი ნახეს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დასახმარებლად ცხოველთა დამცველებს მიმართეს.

მიუსაფარ ძაღლს იარაღიდან  ესროლეს და დაზიანება ხერხემლის არეში მიაყენეს.

როგორც ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს განუცხადეს, სროლის ხმა დღეს დაახლოებით 16 საათზე მოესმათ. ძაღლი კლინიკა ,,მარკოში" გადაიყვანეს.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა გორში დიდი ხანია ვერ გვარდება. ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით ის ძაღლები გამოირჩევა, რომლებსაც პატრონები სახლიდან ქუჩაში უშვებენ.

,,აუცილებლად, უნდა დაწესდეს რეგულაციები. ყველა ძაღლი აღირცხვაზე უნდა აიყვანონ. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ ძაღლის ქუჩაში გაგდებას. ქუჩაში გაზრდილი ძაღლი კი, დამერწმუნეთ, საერთოდ არაა აგრესიული" - განმარტავს ირმა მთიულიშვილი.

მაგალითად, წუხელ გვიან ღამით გორის ეკლესიასთან ერთ-ერთი ძაღლი 13-14 წლის ასაკის გოგონას გაეკიდა. ძაღლი გამვლელმა მანქანამ დააფრთხო, გოგონამ კი, სტალინის ქუჩისკენ სირბილით თავს უშველა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები