ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავთან მეხი ელსადენებს დაეცა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხიდისთავსა და უფლისციხეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ენერგოპრო ჯორჯია"-ში განუცხადეს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, მეხის ჩამოვარდნის გამო, ელსადენები გაწყდა.

,,თავდაპირველად, ეჭვი გვქონდა, რომ მეხი ტრანსფორმატორს დაეცა, მაგრამ ადგილზე შემოწმებისას გაირკვა, რომ ტრანსფორმატორი გადარჩენილია. გაწყვეტილია მხოლოდ ხაზები" - გვითხრეს კომპანიაში.

ელსადენები სოფელ ხიდისთავში, მდინარე ტანასთან სიახლოვეს დაზიანდა. ამის გამო, დენი გაითიშა როგორც უშუალოდ სოფელ ხიდისთავში, ასევე, აზნეთის დასახლებაში და სოფელ უფლისციხეში. 

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დამთავრების ზუსტი დრო ვერ სახელდება.

ძლიერი ჭექა-ქუხილი გუშინ საღამოს დაახლოებით 19 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

ფოტო: გადაღებულია გორიდან ხიდისთავის მხარეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები