ახალი ამბები
კარალეთში ვაშლის ბაღებს სეტყვისგან ბადეები დაიცავს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, ფერმერ გიორგი ხოჯევანიშვილის ვაშლის ბაღებს სეტყვისგან დამცავი ბადეები დაიცავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, 35 900 ლარის ღირებულების ბადე დაახლოებით 3,5 ჰა ფართობს დაიცავს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ბადეები „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ საშუალებით შეიძინა.

სამუშაო პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერი თორნიკე კაპანაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით:  პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.  გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები