ახალი ამბები
სამი კორპუსის ეზოში ფეკალური მასა წელიწადზე მეტია გროვდება
დაბინძურებული წყალი, მწერები და უსიამოვნო სუნი - კომბინატის დასახლებაში მდებარე სამი კორპუსის ეზოში წელიწადზე მეტია აწუხებთ.

გორგასლის ქუჩის #16-ში დაზიანებული მილიდან ფეკალური მასალა პირდაპირ სადარბაზოების წინ გროვდება. გარეთ, განსაკუთრებით, ზაფხულში,  არავინ ჩერდება. ბავშვები ეზოში არ ჩანან. აქ მხოლოდ მანქანებს აჩერებენ.

ღამით კი, ფანჯრებს ეზოს მხარეს აღებენ. 

,,ერთი წელიწადიც არაა გასული, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მივმართეთ. იქიდან მოგვივიდა პასუხი, რომ საკითხის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის" - გვითხრა ,,ამხანაგობის" თავმჯდომარემ თამარ გოგოსაშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელს კომპანიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი პაატა ივანიშვილი აწერს. 

,,ამის შემდეგ, მივმართეთ ქალაქ გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, სადაც შეგვხვდა ამ სამსახურის წარმომადგენელი თემურ კალმახელიძე, მგონი, გვარი სწორად მახსოვს. მან გვითხრა, რომ თუ ცენტრალური მილი არ გამოიცვალა, ეზოში არსებული მილების გამოცვლას აზრი არა აქვს, თუმცა, ადგილზე მაინც მოვალთ და ვნახავთო" - განმარტავს თამარ გოგოსაშვილი. მისი ინფორმაციით, ადგილზე მისი თანდასწრებით შემოწმება არ ჩატარებულა.

გორის მერიის ინფრასტრუქტურული პროგრამის მიხედვით, ამხანაგობას შეუძლია პრობლემის მოგვარება თანადაფინანსებით. საჭირო თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს, 95%-ით, თუმცა, ამ ეტაპზე, არაა შედგენილი პროექტი, სადაც საერთო ჯამში, დაზიანებული კანალიზაციის მილების გამოსაცვლელად საჭირო ხარჯები იქნება ასახული.

ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი მევლუდ ჩოხელი ამბობს, რომ კანალიზაცია ორ კვირაში ერთხელ იწმინდება, თუმცა, დაზიანების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ეზოში წყალი მალე გროვდება.

,,ამ შემთხვევაში უნდა იაქტიუროს ამხანაგობამ. მოსახლეობა არ აქტიურობს. არ უნდათ იმ 10%-ის გადახდა, რომელიც საჭიროა თანადაფინანსების პროგრამაში. მერია 100%-ით ვერ აფინანსებს" - აცხადებს მევლუდ ჩოხელი.










Print

სტატიის გამოყენების პირობები