ახალი ამბები
გორში ინდუსთა ღმერთის კრიშნას მიმდევრებმა სულის გაწმენდითი მსვლელობა მოაწყეს (VIDEO)
დღეს გორში ინდუსთა ღმერთის ვიშნას მიმდევრებმა მსვლელობა მოაწყეს.

სიმღერით და გალობით ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.  

გორის თეატრის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მათ სანახავად უამრავი ადამიანი გაჩერდა.

XX ს-ის 60-იან წლებში ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა რელიგიურ – თეოსოფიური სისტემა, რომლის მიმდევარნი კრიშნაიტებად ან ვაიშნავებად იწოდებიან. მათი კონფესიის ისტორია ასეთია.

ინდოეთში გურუმ მოწაფეს, პროფესიით ქარხნის მენეჯერს, უთხრა: წადი ამერიკაში და იქ ინდუსთა ღმერთის – კრიშნას – მოძღვრება, კონკრეტულად, -უფალ ჩაიტანიას ეპისტოლე გაავრცელეო. დავალება შესრულდა.

იქ მან, ინდოელი წმინდანის სამოსელში გამოწყობილმა, ყოველგვარ მატერიალურ სახსარს მოკლებულმა, დაიწნო კრიშნას მოძღვრების ქადაგება.

იმედგაცრუებული, საპყარი და ნარკომანი ხილხის დიდმა ნაწილმა მას მოუსმინა. მათ 1966 წლის ივნისში „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დააარსეს, რომელმაც სამოღვაწეო ველი მსოფლიო მასშტაბით გააფართოვა.

კრიშნას მიმდევარი ლეგენდარული ჯგუფის ბითლზების მომღერალი ჯორჯ ჰარისონი გახდა




ცოტა რამ რელიგიის შესახებ

პრაბჰუპადამ 12 წლის განმავლობაში 14-ჯერ შემოუარა მსოფლიოს. ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა. იყო მოსკოვშიც, სადაც შეიძინა თანამოაზრეთა ჯგუფი. მათ 1978-80 წწ-ში ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ტალინში, ერევანში, თბილისსა და სოხუმში. თაოსნობის ინიციატორები – რიცხვით 50 – საბჭოთა კანონმდებლობით გაასამართლეს და დასაჯეს. დევნა პერესტროიკამდე გაგრძელდა.

„კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დაარსების დღიდანვე ამერიკასა და ევროპაში ინტენსიურ მუშაობას შეუდგა. დააარსა ასობით ტაძარი, აშრამი და სკოლა. მათ შორისაა აღნიშნული საზოგადოების თბილისის ფილიალი – ვედური კულტურის ცენტრი, რომელიც 1986 წელს შეიქმნა (რეგისტრირებულია 1992 წლიდან). მას აქვს აშრამი (კელიები) ერთგულთათვის და ტაძარი – ძირითადი ღვთისმსახურებისათვის. ანალოგიური ცენტრები მოქმედებს სოხუმში, ქუთაისსა და ბათუმში.

ქართველი კრიშნაიტები, რელიგიურ და საგამომცემლო-ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, ეწევიან ქველმოქმედებას: ხსნიან უფასო სასადილოებს. აფხაზ სეპარატისტებთან ომის დროს გაჭირვებულთათვის საკვები მიჰქონდათ.
,,კრიშნას ცნობიერებას მინდობილნი“, აშრამის მკვიდრნი, განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრობენ:

დილის 4.30-ზე იწყება მსახურება – მანგალა არატი (ცისკრის თაყვანისცემა), „ჰარე კრიშნა – მაჰამანტრას“ ინდივიდუალურად კრიალოსანზე განმეორება (ჯაპა მედიტაცია), რასაც მოსდევს ღვთაებათა მისალმება, დიდი სულიერი მოძღვრის – შრიალა (სვამი) პრაბჰუპადას – გახსენება და ლექცია. ესაა მათი წმიდა წერილის – „შრიმად-ბჰაგავატამის“ -კითხვა – კომენტირება, ე.ი. შტუდირება. შემდეგ მიირთმევენ პრასადს (წყალობას) ანუ უფალ კრიშნასადმი შეთავაზებულ საჭმელს. ეწევიან ვეგეტერიანულ ცხოვრებას, მაგრამ ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, თამბაქო აკრძალულია. დაგმობილია აზარტული თამაშობები. დაწესებულია სქესობრივი ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი. ატარებენ სპეციალურ სამოსელს. შუბლზე თიხის ხსნარისაგან დასმული აქვთ ნიშანი. იპარსავენ თმას (გარდა კოწოლისა). დააქვთ პატარა ნაჭრის აბგები.

„კრიშნას ცნობიერება“ დაფუძნებულია ვედურ ლიტერატურაზე, ძირითადად კი – „ბჰაგავატგიტაზე“. სვამი პრაბჰუპადას თქმით, რადგან ,,არ არსებობს განსხვავება კრიშნასა და მის სიტყვებს შორის, „ბჰაგავატგიტა“ ისეთივე თაყვანისცემას იმსახურებს, როგორსაც თავად უფალი კრიშნა, რამეთუ ორივე აბსოლუტურია”. გვმართებს, გავიხსენოთ, რომ კრიშნა, ძველინდური ტრადიციით, ვიშნუს ხორცშესხმა და გარდასახვაა. აქედან დასკვნა: კრიშნა და ვიშნუ ერთი და იგივეა, – ერთი ღმერთის ორი სახელი. ამიტომ მისი თაყვანისმცემლები კრიშნაიტებადაც იწოდებიან და ვაიშნავებადაც.

„ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე“.

„ჰარე“ ნიშნავს უფლის ენერგიას, კრიშნა და რამა კი უფლის, ღმერთის სახელებია (იხ. ზემ.). მათი წარმოთქმით მლოცველი იმოსება ღვთის ენერგიით, რითაც, შეიძლება ითქვას, თრგუნავს მაიად წოდებულ სამყაროს და შინაგან „მეს“ ამავე ენერგიის წყაროსთან აზიარებს. ეს წყარო კი ყველაზე ცხოვლად კაცთა წინაშე კრიშნასა და რამას სახით გაცხადდა. ამიტომაც ერთგულები ცხოვრებისა და შრომის ყოველ მონაკვეთზე წარმოთქვამენ მაჰამანტრას. ატარებენ კრიალოსნებს (ფსკვნილს), რომლის 108 კვანძი ასახიერებს კრიშნას 108 შეყვარებულ მწყემს ქალს. თითოეულ მძივთან იგალობება „მაჰამანტრა“. ამტკიცებენ, როდესაც პიროვნება ამგვარად ადიდებს ღვთაებრივ სახელს, თავისუფლდება ტკივილისაგან და განიცდის ექსტაზს ანუ აღტაცება-აღფრთოვანებას. ჩნდება ცეკვის მოთხოვნილება. ხშირად კი, თუ სათანადო პირობებია, – მარშისა ინსტრუმენტებით, სიმღერითა და როკვით ქუჩებსა და ბუნების წიაღში. ესაა კირტანა, სიტყვასიტყვით – გალობა. ამ რიტუალის საფუძველიაო, გვასწავლის პრაბჰუპადა, არჯუნას სიტყვები უზენაესი ბრაჰმანისადმი – კრიშნასადმი:

„სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ყველა შენ შემოგნატრის!“ ბოლო წლებში ქართველი კრიშნაიტების აქტიურობა შემცირდა.




წყარო:

Print

სტატიის გამოყენების პირობები