ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა ორჭოსანთან სამხედრო წვრთნებს არ ადასტურებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებით, ქართული მედია რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ნეგატიურად აშუქებს და დაძაბულობას ზრდის.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის სააგენტოები ავრცელებს.

სააგენტო ,,რეს"-ის ცნობით, 24 აგვისტოს, ვებ-გვერდზე ,,გრუზია ონლაინ" გავრცელდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ,,ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან რუსეთის სამხედრო ძალებმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარეს, რამაც ხანძარი გამოიწვია".

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სამხედრო ტექნიკით წვრთნების ჩატარებას ადგილი არ ჰქონია. ,,ადგილი ჰქონდა იარაღიდან სროლაში ვარჯიშს, რომელიც საზღვრიდან საკმაოდ დაშორებით მოხდა" - აცხადებენ ცხინვალის ,,კაგებეში".

შეგახსენებთ, გუშინ სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზიდან, რომელიც სოფელ ორჭოსანთან მდებარეობს, გაყვანილ იქნა მძიმე ტექნიკა, ჩაატარეს წვრთნები და გააჩინეს ცეცხლი.

აღნიშნულ ინფორმაციას მალევე სახელმწირო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური გამოეხმაურა:

"აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე , ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ" - აღნიშნულია ,,სუსის" განცხადებაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოზე, რომელშიც სოფელი ორჭოსანი ჩანს (ფოტოს თარიღი: 24 აგვისტო 2017 წელი), მძიმე ტექნიკა მართლაც არ ჩანს. ცხინვალის მთავრობა არაფერს ამბობს იმ ხანძრის შესახებ, რომელიც სწორედ ორჭოსანთან დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები