ახალი ამბები
დევნილ ბავშვებს აინტერესებთ, თუ რატომ არ შეუძლიათ ცხინვალელი ნათესავების ნახვა
პატარა ლიახვის ხეობის სოფელ დევნილმა ნაირა გუგუტიშვილმა დისევში საკუთარი სახლის ნანგრევებს ფოტოები მეზობელი სოფლიდან გადაუღო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ის ბერბუკის დასახლებაში ცხოვრობს და დევნილობაში უკვე 5 შვილიშვილი შეეძინა. სწორედ მათთვის აგროვებს ფოტოებს და სხვადასხვა თვალსაჩნო მასალებს, რადგან მშობლიურ მხარეზე წარმოდგენა ჰქონდეთ და ახსოვდეთ, რომ წარმოშობით ისინი ხეობიდან არიან.

,,როგორც ზღაპარს, ისე ვუყვები ხოლმე შვილიშვილებს ჩვენი მხარის, ლიახვის ხეობის შესახებ. ამ დროისთვის რაც შემიძლია, სწორედ ასეთი ფოტოებით მეხსიერებაში ჩანერგვაა ჩვენი ისტორიის. მე წარმოშობით ცხინვალიდან ვარ, იქ და მყავს, მისი შვილები, შვილიშვილები, რომლებსაც ჩემ შვილიშვილებს მხოლოდ სოციალური ქსელით იცნობენ. ასეთი გზით ვცდილობთ იცოდნენ ჩვენა შთამომავლებმა, რომ იქ ყავთ ახლობლები და უნდა შეძლონ მათთან კავშირის გაგრძელება.“ - ამბობს ნაირა გუგუტიშვილი.

მეუღლისგან განსხვავებით, მომავალ თაობას შორის გაუცხოების საფრთხეს მისი მეუღლე, ავთანდილ ოქროპირიძე. ის ფიქრობს, რომ მხოლოდ ინტერნეტით კონტაქტი ნათესაურ სიყვარულს და ურთიერთობას ვერ ჩამოაყალიბებს და თუ დაბრუნებას უფროსი თაობა ვეღარ მოესწრო მთლიანად დაიკარგება ისტორიული თანაცხოვრება და ურთიერთკავშირი.

,,ბავშვები ხშირად მისვამენ შეკითხვებს, რატომ წამოვედით, თუ ჩვენი სოფელი იყო, ვინ გამოგვაგდო იქიდან, რატომ არ შეგვიძლია ნათესავებთან მისვლა ცხინვალში, თუ კი ისინი მართლა ჩვენი ახლობლები არიან?  ჩვენც ვცდილობთ ყველაფერი ისე ავუხსნათ, რომ რაიმე აგრესია არ გამოვიწვიოთ მასში. ვუყვებით, რომ ომი მოხდა და იქ თუ დავრჩებოდით, ვერ გადავრჩებოდით ცოცხლები, აქვე იმასაც ვეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ცხინვალელ ნათესავებთან ურთიერთობა და როცა გაიზრდებიან მათთან ერთად უნდა მოიფიქრონ, გაკვალონ ერთად ცხოვრების გზები." - ამბობს დისევიდან დევნილი ავთანდილ ოქროპირიძე.

ვიდრე ბერბუკის დასახლებაში დევნილ ოჯახს დავტოვებდით, იქვე ეზოში ბებია და შვილიშვილის საუბარსაც მოვკარით ყური. ნაირა გუგუტიშვილი მის 5 წლის გიორგის დისევთან გადაღებულ ნასახლარის ფოტოს აჩვენებს ტელეფონში და თან ეკითხება. გიორგი, აბა მითხარი, წარმოშობით  საიდან ხარ? გიორგიც დაუფიქრებლად პასუხობს - მე ერედველი ვარ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები