ახალი ამბები
თელიანში ამბობენ, რომ სოფლის არჩეულმა დეპუტატმა იარაღი ხალხს დაუმიზნა
კასპის შს სამმართველოს გამომძიებლები, სოფელ თელიანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, გამოძიებას კვლავ აგრძელებენ.

მომჩივანი ვახტანგ ბეჟიტაშვილია, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თემიდან საკრებულოს წარმომადგენლად აირჩიეს. მისი განცხადებით, ამავე სოფელში მცხოვრები ხვთისო კორკოტაშვილი თავს დაესხა და ქვებით ავტომანქანა დაუზიანა.

შემთხვევა 2017 წლის 28 ივლისს მოხდა. ხვთისო კორკოტაშვილი ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრია. მათ შორის, ურთიერთობა 2016 წელს დაიძაბა. საპარლამენტო არჩევნების დროს, ბეჟიტაშვილი კასპის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი იყო ,,თავისუფალი დემოკრატებიდან. ხვთისო კორკოტაშვილი კი, ,,პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის, ვაჟა ოთარაშვილის საარჩევნო შტაბს ეხმარებოდა.

,,შარშან ვაჟა ოთარაშვილის პლაკატებს ზედ აკრავდნენ ბეჟიტაშვილის პლაკატებს. მე ეს გადავიღე და შტაბში გავაგზავნე. ერთ დღეს მხვდება ბეჟიტაშვილი და მეუბნება, რატომ მიჩივლეო. თუ გაინტერესებს, ჩემთან ოფისში წავიდეთ და გაჩვენებ შენს საჩივარსო. როცა მივედით მის ოფისში, დარეკა პატრულში და განაცხადა, რომ თავს დავესხით. ეხლაც მოვიდა, შენთან ლაპარაკი მინდაო, მე ვუთხარი, შენთან სალაპარაკო არ მაქვს-მეთქი და დამიწყეს ცემა' - აცხადებს ხვთისო კორკოტაშვილი.  

რა მოხდა 2017 წლის 28 ივლისს

ნათელა კორკოტაშვილი: ,,სახლის წინ შვილიშვილებთან ერთად ვიჯექი. ჯიპით მოვიდა ვახტანგ ბეჟიტაშვილი და კიდევ ერთი პიროვნება. ჩემი შვილი იკითხა და მოითხოვა, მათ საუბარს არ დავსწრებოდი. შვილიშვილებთან ერთად უბანში გავედი. უცბად, ატყდა ყვირილი და როცა მოვიხედე, ჩემი შვილს ძირს ჰყავდათ დაგდებული და სცემდნენ".

ნათელა კორკოტაშვილი დეტალურად იხსენებს მომხდარ ფაქტს. ამბობს, რომ მის შვილს, ძირითადად, სახის არეში ურტყამდნენ.



,,უნდა მოგკლაო, ყვიროდა ბეჟიტაშვილი. ქვა ავიღე და  ვესროლე. ვინ უნდა მოკლა-მეთქი. ასცდა და მანქანას მოხვდა." - ამბობს ნათელა კორკოტაშვილი.

,,ამ დროს, ბეჟიტაშვილმა მანქანიდან იარაღი გადმოიღო. ის მეორე პიროვნებამ უთხრა, რად გინდა იარაღი, შარში არ გაეხვიო და ჩააგდო ისევ მანქანაში. მე უკვე წამოდგომა მოვახერხე და ვიწევდი მისკენ. ამ დროს, კიდევ, ხელმეორედ გადმოიღო იარაღი და უკვე შეჯგუფებულ ხალხს დაგვიმიზნა, მათ შორის, ბავშვები იდგნენ. სახეზე სულ დასისხლიანებული ვიყავი" - ამბობს ხვთისო კორკოტაშვილი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანაში ჩასხდომის შემდეგ, ჯიპს მძღოლმა მაღალი გაზი მისცა და ნათელა კორკოტაშვილის მიმართულებით დაძრა.

,,სახეზე სისხლიანი ვიყავი, მივედი მანქანასთან და ბეჟიტაშვილს ვუყვიროდი, რას აკეთებ, შე ასეთო-მეთქი და შევაფურთხე. ამ დროს კიდევ დააბღუილა მანქანა და გავარდა. დედაჩემმა კიდევ ესროლა ქვა და უკანა მხარეს მოხვდა" - ამბობს ხვთისო კორკოტაშვილი.

ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ვიდეო ინტერვიუზე უარი განაცხადა, მანამდე გვითხრა, რომ ის სოფელში მანქანით მარტო გადაადგილდებოდა, როდესაც გზაზე ხვთისო კორკოტაშვილმა მის მიმართ გინება დაიწყო.

,,არავინ მახლდა თან. როგორც კი, დამინახა, გინება დაიწყო. მე სიტუაციის გარკვევის მიზნით, გავაჩერე მანქანა, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან აგრესია, ქვების დაშენა. დაზიანდა ჩემი მანქანა და მეც მივიღე დაზიანებები. ის დაზიანებები, რაც მას აქვს მიღებელი, მიიღო არა ცემისგან, არამედ ურთიერთდაპირისპირების დროს" - აცხადებს ბეჟიტაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები