ახალი ამბები
გერმანიაში ემიგრანტებმა 20-წლის შოთიკო ვართუმაშვილის დასახმარებლად კონცერტი გამართეს
20-წლის შოთიკო ვართუმაშვილი, ერთი წელია, საწოლსაა მიჯაჭვული და აპარატზეა მიერთებული. მისი მომვლელი ბებია, 80-წლის თამარ ვართუმაშვილია, მამა გარდაცვლილია, დედა კი, ასევე ავადაა, რომელმაც შვილის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

ოჯახის დასახმარებლად გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში ემიგრანტებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა ,,ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა სოფელ ახალსოფელში მიუტანა.

,,ვერ აღგიწერთ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რაც მათ სახლში ტრიალებს. სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვთ, უკვე 6 თვეა, მიწის ნაკვეთები გაქვთო და ამიტომ. გვითხრეს, რომ აწი აღუდგენენ. არ ვიცი, რამდენად შეძლებენ გაცდენილი თვეების საფასურის მიღებას. დღეში ექთნის მომსახურება ოჯახს 50 ლარი უჯდება, პლუს წამლები, გარდა ამისა ესაჭიროება დამატებით ოპერაციებიც, რადგან ორივე მენჯი მოტეხილი აქვს და მხარი, როგორც მისმა ბებიამ მითხრა." - ამბობს ნინო დალაქიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსგან და მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დამატებით ინფორმაციას მოიძიებს.

შოთიკო ვართუმაშვილს შარშან, 2016 წლის სექტემბერში, მანქანა დაეჯახა. ბებიის თქმით, შეჯახებისას შოთიკო ავტობანზე გზის ნაპირზე იმყოფებოდა. ტრამვები მიიღო როგორც კიდურებზე, ასევე, თავის არეში.

რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებას, კონცერტი მუსიკოსმა ანა ნანუაშვილმა, შტუტგარტის წმ. ილია მართლის ეკლესიის სამრევლოსა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს.  მასში, უანგაროდ, გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. კერძოდ:

ელისაბედ, თორნიკე, ნიკოლოზ და ანა სარაჯიშვილები, ელისაბედ ნამჩევაძე, ანა მეიფარიანი, ალექსანდრე უმიკაშვილი; ნატალი ვიდმანი, დეა აგიკოვი,ეველინ ჰეპერლი, ქრისტინე და მარინე ვოლფები, ანა და ლუკა ღაღანიძეები, ლევან შტულპნაგელ, სოფიო კურტცი, ელენე მეგრელიშვილი, ზიზი ტოტიაური და საკვირაო სკოლის ცეკვის ანსამბლი.

სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრით, სიმღერითა და ცეკვით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პატარა ქართველი ხელოვანები, ზოგიერთი მათგანისთვის ამ დღეს ასცენო დებიუტი შედგა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები