ახალი ამბები
დოესში ახალი პროექტით გაკეთებული წყალი ერთ უბანს არ მიეწოდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 13 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. დანარჩენ უბნებში კი, თითქმის 24 საათიანი მომარაგება აქვთ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იმ უბნის მოსახლეობა ესაუბრა, რომელთაც 3 თვეა ონკანებში წყალი დაუწყდათ.

რიტა შაქარაშვილის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში, წყლის შეწყვეტის მიზეზი ვერ დაადგინეს. 

,,ვერც კომპანიის წარმომადგენლებმა გაიგეს რამე, ხელახლა გადათხარეს მილები, შეამოწმეს, მაგრამ მიზეზი ვერ დაადგინეს და ჩვენ მითუმეტეს, რა უნდა გავიგოთ. ვერ გავიგეთ, რა ხდება" - აცხადებს რიტა შაქარაშვილი.

ავთანდილ ხორგუაშვილი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ მშენებელმა კომპანიამ მილები არასწორად დაამონტაჟა, ან კიდევ, გადაბმის ადგილებზე ჰაერი იპარება.

,,იყვნენ მოსულები, საქმის კურსში ჩავაყენეთ გამგეობა, მაგრამ ვერაფერი გაუგეს. ისეთი რა პრობლემაა, რომ ვერ იგებენ. აქ ხალხი უკვე ერთმანეთს აბრალებს. იქ რომ მოშვებულია წყალი, ვითომ იმიტომ არ მიდის სხვაგან. თუ არ მიეხედა ამ საკითხს სათანადო ყურადღება, შეიძლება უარესი მოხდეს' - აცხადებენ ადგილობრივები.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ტარიელ ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ წყლის სიმცირე ზაფხულის ბრალია, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ წყლის რეზერვუარში საკმაოდ ბევრი წყალია:

,,წყალი იმდენია, რომ ყველას ჰყოფნის. ზოგი იპარავს, ზოგს თვითონ წყალი იპარავს. გაიხედეთ, ზაფხულია. ხალხი რწყავს ნაკვეთებს, ზოგს ვარდი აქვს სახლში. მაგ უბანს 6 თვე წყალი უბრობლემოდ მიეწოდებოდა. ეხლა დადგა ზაფხული და არ ჰყოფნით რა" - აცხადებს ტარიელ ოხანაშვილი.

სიუჟეტის გაშუქებამდე დოესიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისწრეს, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ოჯახში საცხოვრებელი სახლის ეზოში ონკანი შეუყვანეს, უბანში წყალი დაწყდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამ ოჯახის მეზობლები არ ადასტურებენ და ფიქრობენ, რომ მიზეზი სხვა იქნება.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში კომენტარს ხვალ გააკეთებენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები