ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლებაში საინფორმაციო ყუთები დადგეს
სკრის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საინფორმაციო ყუთები დადგეს. ამ ყუთებში ადგილობრივ მოსახლეობას წერილების ჩაყრა 10 სექტემბრამდე შეუძლიათ.

წერილებში ის საკითხები უნდა იყოს ჩამოთვლილი, რომლის მოგვარებასაც დევნილები ამ ეტაპზე მიიჩნევენ. იდეა ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ პროექტის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ხორციელდებაა. მასში სკრის დასახლებიდან 10-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

,,ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და ავუხსენით, თუ რა დანიშნულებით მოვიტანეთ ყუთები დასახლებაში. ხშირად გარკვეული საკითხების გაჟღერებას ისინი საჯაროდ ერიდებიან და ასეთი სახით, დასახლებაში არსებული მდგომარეობის შესახებ უფრფო ნათელ სურათს მივიღებთ. ჩვენ ამ ყუთებს გარკვეულ მეთვალყურეობას გავუწევთ და 10 სექტემბრის შემდეგ გავეცნობით, თუ რა აწუხებს მოსახლეობას და შესაბამის ადვოკატირებას განვახორციელებთ“-ამბობს სკრის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ელენე ხადური.

საინფორმაციო ყუთების გამოჩენამ ადგილობრივების ყურადღება მალევე მიიპყრო. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან განმარტეს, სკრის დასახლებაში მთავარი პრობლემა არარსებული სველი წერტილებია.

,,2008 წლიდან დღემდე ვითხოვთ გაგვიკეთონ აბაზანები და საპირფარეშოები, მაგრამ 9 წელია ეს საკითხი მოუგვარებელია. პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებს სამშენებლო მასალები მოუტანეს, დიდი ლიახვიდან დევნილები ისევ დავრჩით ასე. ამ საინფორმაციო ყუთშიც სწორედ ეს პრობლემა განვათავსე, მართალია ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვნახოთ ახალგაზრდების ცართულობით იქნებ შეიცვალოს ვითარება“ - აღნიშნა სოფელ ხეითიდან დევნილმა მადონა მარკოზაშვილმა.

,,საპირფარეშოს ასაშენებლად კი მოგვიტანეს მასალები, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, კანალიზაცია არ არსებობს. როგორც დევნილთა სამინისტროდან გვაცნობეს, ამ დასახლებაში ჭაობიანი ადგილის გამო ვერც გაკეთდება. ამდენი ხანია ამ საკითხზე ვსაუბრობთ და ვერავინ გამოსავალი ვერ იპოვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“ - აცხადებს საცხენეთიდან დევნილი ნინო კობალაძე.

საინფორმაციო ყუთები სკრაში 10 სექტემბრამდე დარჩება, რის შემდეგაც შეგროვებული პრობლემების დახარისხება და იდენტიფიცირება მოხდება. სექტემბრის ბოლოსთვის პროექტში ჩართული ლიდერი ახალგაზრდები პრობლემებს უკვე შესაბამის ორგანოებს გააცნობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები