ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილს და ლადო ხინჩეგაშვილს მერიისა და საკრებულოს წევრები შეხვდნენ
მსოფლიო ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ გორელ მოჭიდავეებს, გენო პეტრიაშვილსა და ლადო ხინჩეგაშვილს გორის მერიისა და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

სააქტო დარბაზში მათთან ერთად  მწვრთნელი ნუგზარ სხირელიც იმყოფებოდა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ როსებაშვილმა მათ საჩუქრები გადასცეს.

,,თავისუფალი ჭიდაობა და,ზოგადად, სპორტი არის დღეს ის მიმართულება, რომელითაც გორს თავისუფლად შეუძლია იამაყოს. ჩვენ ვზრუნავთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მზად ვართ დავაფინანსოთ ყველა აქტივობა, რაც ამ მიმართულებას კიდევ უფრო წინ წასწევს. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ თქვენი წარმატებით და გამარჯვებებით გორის ჭიდაობის სკოლას ასე აფასებენ საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებაში.“ - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს ქალაქ გორის საკრებულოს წარმომადგენლებმა მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი აბსოლუტურ წონაში გახდა, ხოლო ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა ახალ 61 კგ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები