ახალი ამბები
განყოფილების უფროსის გასაძევებლად საკრებულოს სხდომაზე დაცვის პოლიცია გამოიძახეს
ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების ანგარიშს უარყოფითი შეფასება მისცეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დღეს მიიღო. დეპუტატების ნაწილმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნიკა წიქარიძემ, ჯერ კიდევ, კომისიის სხდომაზე მწერალ ვანო ჩხიკვაძეს და მსახიობ რამაზ იოსელიანს შეურაცხყოფა მიაყენა.

,,მოდის კომისიის სხდომაზე განყოფილების თანამშრომელი ნიკა წიქარიძე და ეუბნება ვანო ჩხიკვაძეს, რამაზ იოსელიანს, რომ თქვენ ვინა ხართო. შეიძლება არ იცნობს მათ, როგორც მწერალს, როგორც მსახიობს, მაგრამ მერიის თანამშრომელი არ უნდა იცნობდეს საკრებულოს წევრს?" - ამბობდა დავით წეწვაძე, საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან".

საკრებულოს წევრი ,,ქართული პარტიიდან" რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ მერიის სპორტის განყოფილების მიერ წარდგენილი ანგარიში, ნაცვლად 2017 წლისა, შეიცავს გასული წლის მონაცემებს:

,,ანგარიშში გვიწერია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს აგვისტოს სპორტსმენები იმყოფებოდნენ პოლონეთში. და თანაც, თქვენ ქალბატონო თეა, ჩვენს შეკითხვებზე თურმე გაქცეულხართ კომისიის სხდომიდან" - უთხრა რამაზ იოსელიანმა განყოფილების უფროსს თეა კეჩხუაშვილს.

დღევანდელ სხდომაზე განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნიკა წიქარიძე არ იმყოფებოდა. დეპუტატების პრეტენზიებს თეა კეჩხუაშვილი ისმენდა. მისი თქმით, საკრებულოს წევრები არ უნდა იხილავდნენ ისეთ საკითხს, თუ ვინ ვის იცნობს:

,,თუ ანგარიშთან დაკავშირებით გაინტერესებთ ინფორმაცია, მომმართეთ მე. ვინ იცნობს სახეზე, მაგალითად, ოლიმპიურ ჩემპიონს ასანიძეს ან ზვიადაურს, ეგ აქ განსახილველი თემა არაა" - ამბობდა თეა კეჩხუაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ როსებაშვილმა თეა კეჩხუაშვილს სხდომის დატოვება მოსთხოვა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

,,როგორც იქცევი ზურა?" - მიმართა კეჩხუაშვილმა როსებაშვილს.

,,დაუძახეთ დაცვას" - ბრძანა საკრებულოს აპარატის უფროსმა ზაზა ნასყიდაშვილმა. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა თეა კეჩხუაშვილი დარბაზიდან არ გაიყვანა, ის, მხოლოდ, ეუბნებოდა განყოფილების უფროსს, რომ დაეტოვებინა სხდომა.

საბოლოოდ, თეა კეჩხუაშვილმა სხდომა არ დატოვა.

უარყოფითი შეფასება, ჯერ კიდევ, ერთი კვირით ადრე, საკრებულოს განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის კომისიის წევრებმა მისცეს.

ვიდეო
Print

სტატიის გამოყენების პირობები