ახალი ამბები
ბერბუკის დასახლებაში ყველაზე მცირემოსავლიანი წელი აქვთ
ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები დევნილები სარწყავი წყლის პრობლემამ მოსავლის გარეშე დატოვა

,,წელს ზამთარი მკაცრი გვექნება, რადგან გვალვამ და ყინვამ მოსავალი გაგვინადგურა“-ასეთ განცხადებებს აკეთებენ ბერბუკში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბოსტანი და ხეხილის ბაღები ხელახლა გააშენეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისინი აღნიშნავენ, რომ გასულ წლებში უკეთესი ვითარება ჰქონდათ, წელს კი მოსავალი არა თუ გასაყიდად, არამედ ოჯახის სარჩენადაც ვერ მიიღეს.

,,სარწყავი წყალი არ გვაქვს, არც ამინდებმა შეგვიწყო წელს ხელი, რის გამოც ფაქტიურად ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით. პერიოდულად კი არიგებენ საკვებ პროდუქტებს, მაგრამ მარაგი საკმაოდ მცირეა და ზამთრის სეზონს ის ვერ გადაგვატანინებს. ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივი აირის დავალიანება გვაქვს, ზოგს 1000 ლარამდე და მეტი აქვს გადასახდელი, ჯერჯერობით კი, არ გვითიშავენ გაზს, მაგრამ შეღავათსაც არ გვიკეთებენ, რომ ამ თანხების გადახდა შევძლოთ და ზამთარში ამით მაინც ვიყოთ უზრუნველყოფილნი. თუ გაზიც გამოგვირთეს, მოსავალიც არ გვექნება და ზამთარში ალბათ შიმშილობა არ აგვცდება. ხეობაში სასწაული მოსავალი მოდიოდა, არაფერი არ გვაკლდა, ჩვენ თავებს ჩვენვე ვირჩენდით და არავისი დახმარება არ გვჭირდებოდა, ახლა კი დევნილებად ვიქეცით და ისიც არ ვიცით პურის ყიდვას მაინც თუ შევძლებთ ზამთარში“ - ამბობს ძარწემიდან დევნილი მარინე ებანოიძე.

ჯერ კიდევ, 2017 წლის ივლისში, ბერბუკის თემის მოსახლეობამ სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოითხოვა. ამისათვის სოფელ სვენეთის მოსახლეობამ, რომელიც ბერბუკის თემში შედის, 65-კაციანი ხელმოწერები შეაგროვა.

აღნიშნული განცხადების მიხედვით, 2016 წელს დაწყებული პროექტი, სასმელი წყლის საქაჩის მონტაჟის შესახებ, არ დასრულებულა. კობა ქარელიშვილის თქმით, ეს პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო, თუმცა, თანხების სიმცირის გამო, საქაჩის ყიდვა ვერ მოხერხდა.

,,მილები ჩაყრილია, შენობაც აშენებულია. უბრალოდ, ტუმბოს ყიდვისთვის თანხა აღარ დაგვრჩა. წყალს მდინარე თორთლადან ავქაჩავთ რეზერვუარში და შემდეგ უნდა გადავანაწილოთ მინდვრებზე. მხოლოდ საქაჩიღა გვინდა" - განმარტავს კობა ქარელიშვილი.

გამგებელმა დავით ონიაშვილმა 24 ათასი ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა. სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო.

ბერბუკის დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 134 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. კოტეჯებთან საკარმიდამო ნაკვეთს (დაახლოებით 6 მეასედი, დასახლებასთან ოდნავ მოშორებით კი 50 მეასედ მიწის ფართობს) ამუშავებენ. 9 წლის მანძილზე  მსგავსი ზარალი ბერბუკის დასახლებაში მაცხოვრებლებს, როგორც თავად განმარტავენ, აქამდე არ ჰქონიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები