ახალი ამბები
რას გვამცნობს ,,ინტურისტის" კედელზე გაკრული მემორიალური დაფა
112 წლის წინ, გორში, სასტუმრო ,,ინტურისტის" ტერიტორიაზე ჟანდარმერიამ ზურგიდან დემონსტრანტებს სროლა აუტეხა. ეს მოხდა 1905 წლის 14 მარტს და დაიღუპა 3 ადამიანი, დაიჭრა 11.

დახვრეტილთა დასაფლავება შემდგომ დიდ სახალხო დემონსტრაციად გადაიქცა.

16 მარტს საქალაქო სასწავლებლის მიმდებარე ქუჩასა და საარტილერიო მოედანზე (ახლანდელი ლომოურის ქუჩა.
5)  საქალაქო და სასულიერო სემინარიის მოსწავლეებმა რევოლუციური დროშებით და სიმღერებით გამოვიდნენ. მათ მხარი აუბეს ქალთა გიმნაზიის მოსწავლეებმა და ქალაქის მცხოვრებლებმა.

საარტილერიო მოედანთან მთავრობის ჯარების ნაწილებმა დემონსტრანტებს სროლა აუტეხეს. მოკლეს ერთი ბავშვი, დაჭრეს 11 დემონსტრანტი (მათგან ორი გარდაიცვალა).

სამხედროები ესროდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თოფების წართმევას ცდილობდნენ. ამ დროს მოკლეს ერთი და დაიჭრა 9 ადამიანი.

ამ ამბების შემდეგ, მეფის მთავრობამ კაზაკთა ორი და ქვეითთა ერთი ასეული გაგზავნა.

17 მარტს ნაშუადღევს ქალაქის სამხრეთ უბანში, ეკლესიის ზარების ხმაზე, დაახლოებით 2 000 კაცი შეიკრიბა.

27 მარტს გორის ციხის მახლობლად ხელკეტებით შეიარაღებული პროტესტანტები ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, რომლებიც საპატიმროში მცველთა რაზმის დასახმარებლად და შენობის გასაძლიერებლად მიდიოდნენ. შეტაკებისას დაიღუპა 2 მოქალაქე და დაიჭრა 7 ადამიანი.

ჯამში 1905 წლის მარტში მეფის მთავრობისა და რევოლუციონერების შეტაკებისას დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა 36 ადამიანი.

სწორედ, ამ მოვლენების ამსახველია მემორიალური დაფა, რომელიც სასტუმრო ,,ინტურისტის" კედელზე დღემდეა შემორჩენილი. 1905-07 წლების რევოლუცია მეფის მთავრობამ საბოლოოდ ჩაახშო.



1905 წლის 28 აგვისტოს გორში მოკლეს თავადი ლევან ციციშვილი, პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა.

23 ოქტომბერს კვირა დღეს, სამეფო ქუჩაზე, მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაცია გაიმართა. ჟანდარმერიამ 1500-კაციანი დემონსტრაციის დაშლა იარაღით სცადა, თუმცა უშედეგოდ. დააპატიმრეს ორი ორგანიზატორი.

მეორე დღეს გაფიცვა გაგრძელდა. ქუჩაში საოსტატო და ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები გავიდნენ. მათ მთავრობას შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს: უფროსკლასელთა დეპუტატებისთვის მიეცათ პედსაბჭოს სხდომებზე დასწრების უფლება, შემოეღოთ მოსწავლეთა ამხანაგური სასამართლო, 25%-ით გაეზარდათ მთავრობის ხარჯზე მყოფ ღარიბ მოსწავლეთა რიცხვი, შემოეღოთ მშობლიურ ენაზე სწავლება. გიმნაზიის ხელმძღანელობამ სასწავლებიდან 2 გაფიცული მოსწავლე დაითხოვა.

1906 წელს გორის მაზრაში სპეციალური სადამსჯელო რაზმები გაგზავნეს.

1906 წლის 11 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში, ტაძრის ქუჩაზე, რევოლუციონერები გ. ხმიადაშვილი და დ. ხაბელაშვილი თავს დაესხნენ ეტლით მიმავალ გორის მაზრის უფროსს კაპიტან ლეონტიევს და სამჯერ ესროლეს. ტყვია აცდა მიზანს. შემდეგ რევოლუციონერებმა ეტლს ხელყუმბარა ესროლეს. აფეთქებისას დაიჭრა ერთი პოლიციელი. ადგილზე კაზაკები და ჯარის ნაწილები მივიდნენ, ალყა შემოარტყეს ქუჩებს, სახლებს. ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ თავდამსხმელები ვერ დაიჭირეს. 





წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1990 წ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები