ახალი ამბები
ქვახვრელში სასმელი წყლის პროექტის დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის პროექტის დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, წინადადებების მიღება 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 90 დღეში, 3 თვეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო თანხა 178 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, ქვახვრელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა 2016 წლის 24 ივნისს დაიწყო და, 6 თვის შემდეგ, 24 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანია ,,არქიკულტურამ" სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ შეასრულა და ვადა რამდენჯერმე მისცეს.

მიუხედავად ამისა, ,,არქიკულტურამ" სამუშაოები 2017 წლის აპრილშიც ვერ დაასრულა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიის ანგარიშზე აპრილში გადარიცხული თანხა, დაახლოებით 100 000 ლარი, დავალიანების გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით ჩამოეჭრა.

ამ დრომდე, დასაქმებულ მუშებს (დაახლოებით 20 ადამიანი) ხელფასი არ მიუღიათ. გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ შეუსრულებული სამუშაოების გამო, კომპანია ,,არქიკულტურა" დაახლოებით 90 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ჯამურად, კომპანია ,,არქიკულტურას" ანგარიშზე 800 000 ლარი გადაირიცხა, აქედან, ბიუჯეტში უკან 90 ათასი ლარი დაბრუნდება. გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, შესრულებულ სამუშაოზე ექსპერტიზა ჩატარდა.

,,როგორც მე ვიცი, ექსპერტიზის პასუხი ჩამოვიდა და მითხრეს, რომ სოფელ ქვახვრელში კომპანია ,,არქიკულტურამ" დაახლოებით იმ თანხის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, რაც გადავურიცხეთ" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე.










Print

სტატიის გამოყენების პირობები