ახალი ამბები
არასასურველი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების ფაქტებზე გორის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
არასასურველი სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით კომუნიკაციის დამყარების ფაქტზე გორის პროკურატურაში გამოძიებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელმა, ლამარა შაყულაშვილმა გორში, საქართველოს იურისტთა ასოციაციაში, დღეს, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონის ამოქმედებამ გაამართლა და, მათი მიმართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას შეხვედრაზე მყოფი პროკურორი მორის ჩუბინიძეც დაეთანხმა.

ლამარა შაყულაშვილის თქმით, მიმდინარე წელს, ოჯახური დანაშაულის მუხლით გორის სასამართლოში 11 პირი წარადგინეს.

,,გასულ წლებთან შედარებით, ვითარება გამოსწორდა სასამართლოში იმ კუთხითაც, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა აღარ წარმოადგენს სირთულეს. რაც შეეხება ადევნებას, რამდენიმე ფაქტზე მივმართეთ პროკურატურას. ქალები განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას სატელეფონო შეტყობინებების დროს და ამ პირთა დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს" - აღნიშნავს ლამარა შაყულაშვილი. მისი ორგანიზაციის ძალისხმევით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.

ადევნება განისაზღვრება, როგორც პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ასევე მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები