ახალი ამბები
მურას სტუმრები ვლადიკავკაზიდან და თბილისიდან
მომავალ ზაფხულამდე კუდუხაანთუბანში ბავშვების ჟრიამულის ხმას ვაჟა კუდუხაშვილი, მისი მეუღლე მარიამ ზაალიშვილი და ბიძაშვილი ციცინო კუდუხაშვილი ვეღარ გაიგონებენ.

სასწავლო წლის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მათმა და მათი ახლობლის შვილიშვილებმა სოფელი უკვე დატოვეს. ნალექების მოსვლისთანავე გზა მიუვალი ხდება და, ერთი ოჯახის გარდა, აღარავინ რჩება. სოფელში სულ 8 სახლი დგას.

ვაჟა ბიგანაშვილი ამბობს, რომ მშობლიური სოფლის ჰაერი განსაკუთრებულია. ის თბილისში ცხოვრობს. ნორმალური გზის არსებობის შემთხვევაში, სოფელში მისვლას ზამთარში კვირაში ერთხელ მაინც შეძლებს. ამ ზაფხულს მას სასმელი წყლისა და ხილის მიტანა ქალაქიდან უწევდა.

მის მამა-პაპისეულ სახლში ვლადიკავკაზიდან და დედაქალაქიდან ბავშვები დასასვენებლად ჩავიდნენ.

,,ეს არის უნიკალური მხარე, აქ არის უნიკალური ჰაერი. ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წაიყვანო ბავშვები?" - ამბობს ვაჟა ბიგანაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ სიბერეს აქ გაატარებს და ისევე ესტუმრებიან მას შვილები და შვილიშვილები, როგორც ახლა ის - თავის მამას.



,,დედაჩემი რომ გარდაიცვალა, შეიძლება ითქვას, ძლივს დავასაფლავეთ. ატალახებული, დახრამული, განადგურებული გზა იყო. ხალხი იმას ფიქრობდა, დროზე გაეღწია აქედან. აქ თუ გზა არ იქნება, ჩვენს მერე ვინ დარჩება აქ? ჩვენ რომ არ ვაქცევდეთ ყურადღებას აქაურობას, ყველაფერი განადგურდება" - ამბობს ვაჟა ბიგანაშვილი.

გვიყვება, თუ როგორ ყვაოდა ბაღ-ვენახები მის ბავშვობაში. სარწყავი წყალი უხვად იყო. ზამთარში თოვლიც და წვიმაც იყო, მაგრამ იქ არსებობას ეს არასდროს უქმნიდა საფრთხეს. სარწყავი არხი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩაიკეტა. წყლის სათავემდე, რუსეთის სასაზღვრო ჯარის ნაწილები არ უშვებენ.

ციცინო კუდუხაშვილმა მთელი ზაფხული სოფელში გაატარა. ის შემოდგომა-ზამთარსაც თითქმის ყოველ კვირა რჩება სოფელში. აქ ყოფნა მისთვის შვებაა. შვილის საფლავი აქაა. დედაქალაქში კი, იმიტომ მიდის, რომ შვილიშვილები ნახოს.

,,ჩემი მეუღლე აქ დაიღუპა. გადავწყვიტეთ, რომ მიცვალებული თბილისში დაგვესაფლავებინა. გზაში მანქანა გადაყირავდა და იძულებული გავხდით, უკან მოგვეტრიალებინა მანქანა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ხოლმე აქ" - იხსენებს ციცინო კუდუხაშვილი. მისი თქმით, კუდუხაანთუბნის ერთადერთი იმედი მისი ბიძაშვილი, ვაჟა კუდუხაშვილი და მისი მეუღლე მარიამ ზაალიშვილია.



მარიამ ზაალიშვილი ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. გზების ჩაკეტვის დროს, ქვემო ჭალაში ახლობლებთან დარჩენა უწევს. ,,ვაჟა მარტო რჩება ხოლმე არა მარტო სახლში, არამედ საერთოდ სოფელში. ერთხელ, მანქანის ქვეშ რაღაცას აკეთებდა. მოულოდნელად, დაიწია მანქანამ და სანამ მე არ ამოვედი და არ შევიტყვე ეს ამბავი, ვერ ახერხებდა გამოსვლას" - იხსენებს მარიამ ზაალიშვილი.

წყალი გასულ წელს გააკეთეს, მაგრამ არ იმუშავა. რეზერვუარში წყლის დონემ დაიწია და მაღლობზე, კუდუხაანთუბნისკენ ვეღარ მიდის. სოფლის რწმუნებული სტეფანე მესროფაშვილი ამბობს, რომ დებეტის სიმცირე გვალვებმა გამოიწვია. რაც შეეხება გზას, მისი თქმით, პროექტი მომავალ წელს გაკეთდება.



,,ქვემო ჭალიდან კუდუხაანთუბნამდე 2,8 კმ-ია. მომავალ წელს პროექტი გაკეთდება და თუ ფინანსები გამოიძებნა, მომავალ წელსვე დაიგება ასფალტი. გამყოფ ხაზთან სამი მიმართულებით გვაქვს გზა დასაგები, ესენია საკორინთლო-ახლაშენი, ვაკე-პანტიანი და გორაკა-კუდუხაანთუბანი. პირველ რიგში, საკორინთლო-ახალშენი დაიგება, მერე ეტაპობრივად აქაც დაიგება ასფალტი" - აცხადებს სტეფანე მესროფაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები