ახალი ამბები
დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლის კომპანიამ ,,ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი ჩაურიცხა
გორის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლის კომპანიამ ,,ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი ჩაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია ,,შარას" წარმომადგენელმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაწოდა.

ბოლო მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აღნიშნული თანხა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ“ 2017 წლის 10 აგვისტოს მიიღო.

შპს ,,შარაში“ დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლე 33 % -იან წილის მფლობელია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ,,შარა" ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ამ პერიოდში მას სულ 3 107 114 ლარის ღირებულების 12 ტენდერი აქვს მოგებული.

შემოწირულობის გადარიცხვიდან 12 დღეში კიდევ ერთი ტენდერი დაემატა, რომლის ღირებულება 9 888 ლარით განისაზღვრება.

იოსებ მაკრახიძისა და მისი ნათესავების მხრიდან პარტიის ანგარიშზე გადარიცხვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

2016 წლის 7 სექტემბერს იოსებ მაკრახიძემ ( მაჟორიტარი კანდიდატობის პერიოდში) პირადი ანგარიშიდან ,,ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი გადაურიცხა, უფრო ადრე კი 2012 წლის 7 ივნისს, 25 000 ლარი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაურიცხა.

იმავე დღეს, იმავე პარტიის ანგარიშზე, ამჟამინდელი დეპუტატის ძმამ, ალექსანდრე მაკრახიძემ 8000 ლარი ჩარიცხა, რომელსაც 2014-2017 წლებში, ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 319 267 ლარი აქვს მიღებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები