ახალი ამბები
პოლიციის რეიდებმა ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს პრობლემები შეუქმნა
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მარიამ პაპიაშვილს და მის დაქირავებულ მძღოლს ატენიდან არ უშვებდნენ.

ხანძრისგან დაზარალებულმა ოჯახმა, ბიუჯეტის თანხით, ფიცარი ტანას ხეობაში შეიძინა. სამართალდამცავები, სწორედ, ამ საშეშე მასალის დამზადებისა და ტრანსპორტირების საქმეს სწავლობდნენ.

პაპიაშვილები შიშობდნენ, რომ რეიდის შედეგად, დაჯარიმდებოდნენ და, საბოლოოდ, ფიცრის გარეშეც დარჩებოდნენ.

ფიცრით დატვირთული სატვირთო მანქანა პოლიციელებმა სოფელ ატენში გააჩერეს გადამოწმების მიზნით. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, საბუთების შესწავლა დააჩქარეს.

ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მივიდნენ.

,,ჩემი სახლი ახალი წლის დღეებში დაიწვა სოფელ ატენში. ადგილობრივი მთავრობა დამეხმარა 2 ათასი ლარით, ხუთი თვის განმავლობაში ვირბინე ხან ხაშურში, ხან გორში, იმისათვის, რომ ჯერ ბარათი ამეღო, შემდეგ ამ ბარათით მოსაჭრელი ხე მოძებნილიყო, შემდეგ დაგვემზადებინა. ასეთი დიდი პრობლემა თუ შეგვექმნებოდა, არც გადავწყვეტდი აქედან ფიცრის წაღებას" - გვითხრა მარიამ პაპიაშვილმა. 

როგორც გაირკვა (ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ) ხე სოციალური ტყის ჭრის პროგრამის ფარგლებში დამზადდა. მარიამ პაპიაშვილის ოჯახს ფიცარი სახლში გაატანეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ტანას ხეობიდან ხე-ტყის ჭრის ფაქტებზე, რეიდები გააძლიერეს. აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელდება, ბოლო ხანებში პოლიციამ შეითავსა.




იხ. ამავე თემაზე: კავთისხევში პაპიაშვილების სახლს ხანძარი გაუჩნდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები