ახალი ამბები
სოფელ ბოჟამში სასმელი წყლის ორი პროექტიდან შედეგი ჯერ არ ჩანს
70-წლის თამარ გამხიტაშვილი მეზობლის ჭიდან წყალს ყოველდღიურად ეზიდება. სოფლის წყარო მისი სახლიდან შორსაა. ჭიდან მიტანილ წყალს კი, ეკონომიურად ხარჯავს.

,,დაახლოებით 20-25 მ სიღრმეზე გაჭრა ჩვენმა მეზობელმა ჭა, მაღლობი ადგილია და ამიტომ. მერიდება ყოველ დღე მათი შეწუხება, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. წყალს ზივ-ზივ ვხარჯავ, რომ ხშირად არ მომიწიოს მოზიდვა" - ამბობს თამარ გამხიტაშვილი.

ის სახლში 80-წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარმა ნაკვეთში დათესილი ლობიო და პომიდორიც ვერ მოიყვანა. გვალვიანმა წელმა ხეხილსაც შეუქმნა პრობლემა.

ერთადერთი ბუნებრივი წყარო სოფლის განაპირას, მთის ძირში გაკეთებულ ონკანიდან მოდის. ორი წელია წყლის რაოდენობამ იკლო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ წყლის დებეტი არასწორმა სამუშაოებმა შეამცირა.

რამდენიმე წლის განმავლობაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, სოფელში ორჯერ დაიწყეს სამუშაოები. ორივე პროექტის შედეგები, ჯერჯერობით, არ ჩანს. პირველი პროექტის მიხედვით, ავზები დაამონტაჟეს, თუმცა, წყლის ნაკადი ,,დაიკარგა" და ავზები ვერ შეივსო.

მიმდინარე წელს კი, საქართველოს მთავრობის დახმარებით, ჭაბურღილის გაკეთება დაიწყო, თუმცა ბოლომდე ჯერ არ დამთავრებულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები