ახალი ამბები
პანდუსი გორში (PHOTO)
ქალაქ გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩაზე ქვეითების სავალი ბილიკი პანდუსების გარეშეა მოწყობილი.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. წმინდაწყლისა და ვერხვების დასახლების დამაკავშირებელ გზის ტროტუარები, მხოლოდ, ბეტონის ფილებითაა შემოსაზღვრული.

გზა, 2013 წელს, კომპანია ,,შარამ" გააკეთა, რომელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრებთანაა დაკავშირებული.

კომპანიის დირექტორი ამირან მშვენიერაძე ამბობს, რომ სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით განხორციელდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სატენდერო განაცხადთან ერთად, გამოაქვეყნა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ პროექტში პანდუსების გაკეთება არ იყო გათვალისწინებული, თორემ აუცილებლად გავაკეთებდით. მანდ იმ დონის სამუშაოები ჩავატარეთ, რომ მისი გაკეთება არ იქნებოდა პრობლემა" - აღნიშნავს ამირან მშვენიერაძე.

პროექტი კომპანია ,,გზაკომუნპროექტი და ექსპერტიზას" წარმომადგენლებმა შეადგინეს. ,,პროექტის მოსამზადებელ პერიოდში მოძიებული იქნა, ,,თბილსახავტოგზაპროექტი"-ს და საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ადრე შესრულებული აგეგმვითი და საძიებო სამუშაოების მონაცემები, რომლებიც გამოყენებული იქნა წინამდებარე პროექტის შედგენის დროს." - აღნიშნულია დოკუმენტში.

4 წლის წინ, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა საერთოდ არ იყო. კომპანია ,,შარამ" ასფალტთან ერთად ორი ხიდიც ააშენა, ერთი მდინარე ფშანზე და მეორე - მდინარე მეჯუდაზე.

ტენდერის საწყისი ღირებულება 1 020 000 ლარი იყო. ძირითად დროში, ,,შარას" წარმომადგენელმა 798 000 ლარი მიუთითა და კონკურენტიც აღარავინ ჰყოლია.

ფოტო, რომელზეც ცემენტის ნარევით გაკეთებული პანდუსი ჩანს, გორის სანერგე მეურნეობის შესასვლელთანაა გადაღებული.



Print

სტატიის გამოყენების პირობები