ახალი ამბები
სკრისა და ფხვენისის საინფორმაციო ყუთებში 100-მდე წერილი აღმოჩნდა
სკრისა და ფხვენისის თემში განთავსებულ საინფორმაციო ყუთებში ადგილობრივებმა 100-მდე წერილი ჩააგდეს. ისინი დღეს გახსნეს.

პროექტის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" წევრებმა საინფორმაციო ყუთები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დადგეს.

ორგანიზაციაში ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" აცხადებენ, რომ აქტიურობა ორივე დასახლების ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს, რომლებიც გასართობი ადგილების მოწყობას ითხოვენ.

,,სკრის დასახლებაში სადაც 80 მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ყველაზე აქტუალური პრობლემა ისევ სველი წერტილების და საკანალიზაციო სისტემის არ არსებობაა. წერილების ავტორები ბაგა-ბაღის გახსნას, სათემო ცენტრის ფუნქციონირებას და შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ.' - ამბობს პროექტის კოორდინატორი.

შიდა გზების საკითხი აქტუალური აღმოჩნდა ფხვენისის თემშიც, ისევე როგორც საბავშვო ბაღის ამოქმედების თემა. ადგილობრივები აქცენტს მთლიანი სოფლის გაზიფიცირებაზეც აკეთებენ და ხელისუფლებას დაპირებებს ახსენებენ.

,,იმისთვის, რომ სოფელში მოსახლეობა დარჩეს აუციელებლია ყოველდღიური საჭიროებების მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში თემში დაწყებული მიგრაცია თანდათანობით სავალალო შედეგების მომტანი იქნება" - წერენ ფხვენისელები.

წერილებზე გვარი და სახელის მითითება აუცილებელი არ იყო.

პროექტის, ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ მონაწილეებმა გამოკვეთილი პრობლემები წერილობით უკვე აცნობეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, უახლოეს დღეებში კი ამ თემებზე სასაუბროდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადადაც შეხვდებიან.

პროექტი ,, ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია, PIN-ის სოციალური პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

,,მოსახლეობას აიძულონ ეზოების გარეთ უწესრიგოდ დალაგებული შეშა, ფიჩხი,  ყველაფერი აიღონ და საკუთარ ეზოებში მოიწყონ, მანქანას ვერ გაუვლია" - ასეთია ერთ-ერთი წერილის შინაარსი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები