ახალი ამბები
ახალგაზრდა ვეტერინარი კასპის რაიონიდან საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებაზე მუშაობს
ერთი წელია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრები, 26-წლის შმაგი აფციაური მოძველებული ჟიგულით სოფელ-სოფელ დადის. გომში, მეტეხსა და ნიაბში თითქმის ყოველდღიურად მოძრაობს.

ვეტერინარიის ჩვეული საქმიანობის გარდა, ის, უკვე, საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებაზე მუშაობს. 50 სული საქონლიდან შედეგი უკვე 48 ძროხას აქვს. აქედან, 2 ხბო უკვე გაჩნდა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, მესამე ძროხაც იმშობიარებს.

,,რაც შედეგი დაიდო, მას შემდეგ, გამოძახება მომრავლდა. მთელი შიდა ქართლის მასშტაბით ვმოძრაობ. ხალხი უკვე იმაზე ფიქრობს, რომ მაღალპროდუქტიული საქონელი ჰყავდეს.“ - ამბობს შმაგი აფციაური.

ამბობს, რომ როცა საქმიანობა დაიწყო, ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე, მოსახლეობაში მოთხოვნა თითქმის არ იყო.

,,ჩვენი ოჯახი დიდი ხანია მესაქონლეობას მისდევს. ბოლო წლებში, იცით, რომ ჭირდა ვეტერინარი. მე დავიწყე ამაზე ფიქრი. სკოლის დამთავრების შემდეგ, გორში კოლეჯში ,,განთიადი“ მივედი. პროფესიული კურსები ვეტერინარიის კუთხით გავიარე და ფერშალი-ვეტერინარის სერთიფიკატი მივიღე.“ - გვითხრა მან.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, შმაგი აფციაური ესტონეთში წაიყვანეს, სადაც საქონლის ხელოვნური განაყოფიერების კურსებზე გადაამზადეს.

ესტონეთიდან დაბრუნებისთანავე, პროფესიულ კოლეჯ ,,განთიადის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა, გრანტი მოიპოვა. ამ პროექტის ფარგლებში საჭირო ინვენტარი შეუძინეს.

ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი LIFE Georgia 2016 წელს წარმატებით დასრულდა, სადაც 93 ბენეფიციარი გადამზადდა, აქედან 32 ბენეფიციარი დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიით.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წამოწყებაში დახმარების მიზნით, შეარჩიეს და დააფინანსეს 6 კურსდამთავრებული, თითოეული 4500 ლარით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები