ახალი ამბები
ონიაშვილის მხარდასაჭერად 50 აქტივისტი ,,ქართული ოცნებიდან" წასვლას აპირებს
გორის მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის მხარდასაჭერად ,,ქართული ოცნებიდან" 50 აქტივისტი წასვლას აპირებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენელმა ირმა პაპიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ამავე პარტიის წევრის, ბადრი ნანეტაშვილის კუთვნილ ტელეკომპანიაში ბრიფინგს გამართავენ.

,,ჩემ გარდა, ქართულ ოცნებას" 50 აქტივისტი ტოვებს. ისინი მივლენ ტელევიზიაში და განცხადებას  გააკეთებენ" - აცხადებს ირმა პაპიძე. მისი განმარტებით, ,,ქართული ოცნების" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ის უსამართლობაა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეიმჩნევა:

,,მე ვერ ავიტანე ის უსამართლობა, რაც ამ პარტიაში ხდება. პორტირებული ნაციონალებით გაივსო ეს პარტია. ერთ-ერთი აქტივისტი, სწორედ, იმ ზეწოლაზე ისაუბრებს, რაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გაუკეთა. კერძოდ, ეს ადამიანი, რომელიც ადგილობრივი ,,ქართული ოცნების" სახეა დღეს, მიწის ნაკვეთის დათმობას სთხოვდა. " - განმარტავს პაპიძე.

დღეს, მოძრაობა ,,შენების დროას" ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა გორის მერის კანდიდატად მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი წარადგინა. წარდგენაზე პროპორციული სიის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლის სათავეში ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები