ახალი ამბები
შეხვედრა ვოლოგდის დასახლებაში - მოსახლეობას წყალი არა აქვს (IVIDEO)
ვოლოგდის დასახლებაში გორის მერის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" კოტე თავზარაშვილი ქალაქის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად შეხვდა.

საარჩევნო პროგრამისა და უბნის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივებმა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ, ისაუბრეს.

კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები გადასახადის გადახდას ითხოვენ იმ დროს, როდესაც ონკანებში წყალი არ მოდის.

ზურაბ ჯირკველიშვილმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოსახლეობამ მრიცხველების დაყენება უნდა მოითხოვოს, რის შემდეგად, წყალმომარაგების კომპანია გაუხარჯავ წყალზე გადასახადს ვეღარ მოითხოვს:

,,მოითხოვეთ მრიცხველების დაყენება, ამის უფლება გაქვთ და კომპანია ვალდებულია დააყენოს, თანაც საკუთარი სახსრებით. თქვენ რომ მოითხოვთ, სხვა უბნებიც აგყვებიან და ეს პრობლემა აღარ იქნება. წყალს რომ მოუშვებთ და მრიცხველი არ დატრიალდება, რაღას მოგთხოვთ კომპანია? მერე იძულებული გახდება გააკეთოს წყალი" - უთხრა ზურაბ ჯირკველიშვილი.

ერთ-ერთმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ავტოფარეხის გაკეთების უფლება არ მისცეს და დაანგრევინეს, მაშინ, როდესაც იმავე მერიამ მის მეზობელს ავტოფარეხის აშენების უფლება მისცა. ზურაბ ჯირკველიშვილმა უპასუხა, რომ ტერიტორია არ მიუსაკუთრებია მის მეზობელს, ხოლო საკითხს გაარკვევენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები