ახალი ამბები
პოლიტიკაში ქალების მოსვლის მნიშვნელობაზე გორის ბაზარში აქცია გაიმართა
,,მე მომწონს ქალები რომ არიან პარლამენტარები, მინისტრები... აქტიურები რომ არიან ქალები ძალიან მომწონს. თუმცა ყველა არ ფიქრობს ასე და ვეკამათები ხოლმე. როცა ქალს აქვთ განათლება, იცის საქმე და აქვს სურვილი რატომ არ უნდა იყვეს? მომწონს ამ თემაზე ხშირად რომ ლაპარაკობენ ტელევიზიით და ვფიქრობ სასარგებლოა, აზრს შეიცვლის ხალხი, “ ამბობს ნანა სახვაძე.

ქალების პოლიტიკაში ჩართულობას მხარს უჭერს თამაზ გარსევანიშვილიც, რომელიც გენდერულ თანასწორობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას ხედავს.

,, ქალს მე ყოველთვის მივიჩნევ კაცის თანასწორად და მიკვირს რატომ არ ფიქრობს ყველა ასე. ალბათ ესაა მიზეზი იმისა რომ ქალები ნაკლებად მიდიან პოლიტიკაში. სხვათა შორის თვითონ ქალებიც არ თვლიან რომ პოლიტიკა მათი საქმეა... ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად უნდა მიეწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია,“ აცხადებს გარსევანიშვილი.

მათ გორის გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელი ესაუბრა საინფორმაციო აქციის მსვლელობისას, რომელიც გორის აგრარულ ბაზარში გაიმართა.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას და ბაზრის მოვაჭრეებს განემარტათ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის და ქალების პოლიტიკაში მოსვლის მნიშვნელობის შესახებ.

აქციას შეუერთდნენ ,,საქართველოს მოხალისეს“ და ,,ქართლოსის“ მოხალისეებიც და საინფორმაციო ფლაერების დარიგებაში მიიღეს მონაწილეობა.

აქციის სახელწოდებაა ,,ქალის ხმა იგებს არჩევნებს“ და მისი მიზანია საარჩევნო პროცესებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.
აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.










Print

სტატიის გამოყენების პირობები