ახალი ამბები
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად რეგიონებში გამოკითხვას ჩაატარებენ
27-29 სექტემბერს, ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეგიონებში გამოკითხვას ჩაატარებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელიდან აცნობეს.

რეგიონული ქსელის (R-CSN) წარმომადგენლის ცნობით, პირველი გასვლა სკრის დევნილთა დასახლებაშია დაგეგმილი.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს.

,,გამოკითხვა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. მისი შედეგების პრეზენტაცია კი მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს." - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება, თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები