ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლებაში ქალები კანალიზაციისა და სველი წერტილების მოწესრიგებას ითხოვენ
სკრის დევნილთა დასახლებაში, გუშინ, ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ანა ჯებისაშვილმა და ლელა მაზმიშვილმა წინასაარჩევნოდ, მხოლოდ, ქალი ამომრჩევლების პოზიციები მოისმინეს.

გამოკითხვაში ვინაობის მითითება სავალდებულო არ იყო.

,,ქალების საკითხის წამოწევა უმრავლესობისთვის მოსაწონი აღმოჩნდა. გამოკითხვის დროს ის პრობლემები გაგვიზიარეს, რაც ქალებს ამ დროისთვის ყველაზე მეტად აწუხებთ. მაგალითად, კონტინგენტის სიმცირის მიზეზით, ბაღის აშენებაზე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს უარს ეუბნებიან. აწუხებთ ასევე კანალიზაციისა და სველი წერტილების არარსებობის საკითხიც, რაც მათთვის აქ დასახლების დღიდან მოუგვარებელია. სურთ ასევე დასახლების კეთილმოწყობა და ახალგაზრდების დასაქმება. ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ პრობლემების დღის წესრიგში დასაყენებლად თვითონ ქალებმა უნდა იმოქმედონ.“ - აცხადებს ლელა მაზმიშვილი.

გამოკითხვა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის(R-CSN) ორგანიზებით ეწყობა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 27-29 სექტემბერს შიდა ქართლთან ერთად გამოკითხვა საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება. შედეგების პრეზენტაცია კი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის მოგვიანებით გაიმართება. რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები საარჩევნო კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში, ამას სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი ცესკოს ინფორმაციით, ამ დროს არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონი ქალი არ მივიდა.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიმოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელიშეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები