ახალი ამბები
საინფორმაციო ცენტრებს სკრისა და შინდისის თემში ახალგაზრდები პროექტის დასრულების შემდეგაც გამოიყენებენ
სკრის დევნილთა დასახლებისა და შინდისის თემის ახალგაზრდებმა დღეს პროექტის ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება მოაწყეს. 6 თვის განმავლობაში მოზარდმა ვაჟებმა და გოგონებმა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილება, მათ შორის ეწყობოდა ფილმის ჩვენებები ბავშვთა უფლებებზე, გენდერზე, კონფლიქტის გავლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე. ახალგაზრდებისვე ჩართულობით ეწყობოდა დისკუსია.

ამავე თემებზე კვალიფიციური ტრენერებისგან მოზარდებმა გამოცდილება გაიზიარეს. ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციას კი, სხვა, პროექტის არამონაწილე ახალგაზრდებსაც უზიარებდნენ საკუთარ თემებში.

მოზარდებმა პროფესიონალურ დონეზე შეისწავლეს CV-ს და სამოტივაციო წერილის შედგენა. ჩაუტარდათ მასტერ კლასი მონაცემთა ბაზებთან მუშაობის შესახებ, რის შედეგადაც გაიხსნა საინფორმაციო ცენტრები სკრის დასახლებასა და შინდისის თემში, რომელთა ფუნქციონირება ლიდერი ახალგაზრდების ჩართულობით პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ორ თემში საინფორმაციო ყუთებიც განთავსდა, სადაც დაახლოებით 100-მა ადგილობრივმა მოქალაქემ ჩააგდო წერილი მისთვის აქტუალური საკითხის შესახებ. წერილების გაცნობის შემდეგ კი გამოკვეთილი პრობლემები მოზარდებმა გორის მუნიციპალიტეტში სპეციალურად ჩანიშნულ შეხვედრაზე გააჟღერეს.

დასკვნით კონფერენციაზე პროექტის ხელმძღვვანელთან ერთად პრეზენტაციები ახალგაზრდებმაც გააკეთეს. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელიც დაესწრო. დიმიტრი გოგიაშვილმა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელშეწყობას მის მონაწილეებს სამომავლოდაც დაპირდა.

პროექტი მეგობრობის ხიდის ,,ქართლოსის“ მიერ განხორციელდა, რომელიც ორგანიზაცია PIN (ადამიანი გაჭირვებაში) მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში იყო მხარდაჭერილი. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანუკა ფერაძემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ პროექტში გაწერილი აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები ახალგაზრდებმა მაქსიმალურად შეასრულეს.

6 თვიანი პროექტის ფარგლებში სულ 11 მედიანამუშევარი მომზადდა. აქედან 8 ვიდეო სიუჟეტი, 1 სტატია და 2 გადაცემა. ,,ქართლოსის“ მედია ჯგუფთან ერთად აქტივობებს აქტიურად აშუქებდა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც კონფერენციაზე ამ პროექტის მედიაპარტნიორად დასახელდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები