ახალი ამბები
ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლს სახურავი დაუზიანდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სოციალურ საწარმოს ,,სახლი საზღვრების გარეშე" სახურავი დაუზიანდა.

ამის გამო, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, უხვი ნალექის პირობებში ოთახების დაზიანების საფრთხე შეიქმნა.

სოციალური საწარმოს ხელმძღვანელებმა დახმარებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. გამგეობამ 5 900 ლარი უკვე გამოყო.

გამგეობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები სავარაუდოდ 28 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება.

სოციალურ საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი).

აღნიშნული ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების, ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობისთვის აშენდა.

სახლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა.

მან ეს პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.

სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიტოვებული იყო. პროექტის ავტორებმა მისი გამოყენება ხანდაზმულებისთვის 2015 წლიდან გადაწყვიტეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები