ახალი ამბები
,,შენების მოძრაობა" ვარიანელებს გოგებაშვილის ძეგლის დადგმას პირდება (Video)
,,შენების მოძრაობის" კანდიდატები, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილის ძეგლის დადგმას აპირებს.

ამის შესახებ სოფელ ვარიანში გორის მერის დავით ონიაშვილისა და სოფლის მაჟორიტარი კანდიდატის, ვახტანგ ბერკაცაშვილის წარადგენისას განაცხადეს. პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიდგმება, კონკრეტულად სად, ამის თაობაზე არ უთქვამს. თუმცა, სიის მეორე ნომერმა, გორის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა პაპუნა კობერიძემ დააზუსტდა, რომ ეს ვარიანშივე მოხდება.

ამავე სოფელში მაჟორიტარ კანდიდატად ,,ქართულ ოცნებიდან" იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი, მიხეილ გოგებაშვილი იყრის კენჭს. ის, 2012 წელს, სოფლის წარმომადგენელი იყო ,,ნაციონალური მოძრაობიდან". შეხვედრაზე ვახტანგ ბერკაცაშვილმა თანასოფლელებს 2012 წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტი შეახსენა, რა დროსაც მიხეილ გოგებაშვილმა და მისმა მომხრეებმა მაშინდელ კოალიციის წევრებს შეხვედრა ჩაუშალა.

,,დღეს ეს ადამიანები გადავიდნენ ,,ქართულ ოცნებაში" და ისევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. ჩვენმა გუნდმა კი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სოფლისთვის უამრავი სასიკეთო საქმეები გააკეთა: არ იყო გაზი, შემოვიდა გაზი. არ იყო გამრიცხველიანება და გაკეთდა. 46 კმ სარწყავი არხი გასუფთავდა. გაკეთდა გზები" - განაცხადა ვახტანგ ბერკაცაშვილმა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" გუნდის წევრები სოფელში სოციალურად დაუცველებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან. ეს კი, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი მხარს ,,ქართულ ოცნებას" არ დაუჭერენ.

,,სოფელში ავრცელებენ ჩემზე ხმებს, თითქოს მე ფულის შოვნა მინდა. სასაცილოა უბრალოდ. ადამიანმა არ იცოდეს, თუ რას წარმოადგენს სოფლის წარმომადგენლობა, რატომ უნდა ჰქონდეს პრეტენზია მას კენჭი იყაროს?" - აღნიშნა მან. ბერკაცაშვილმა გორის მერის კანდიდატი მმართველი გუნდიდან კოტე თავზარაშვილის ახსენა, რომელიც გორის საკრებულოს მოქმედი თავმჯომარეა:

,,მეც იმ საკრებულოს წევრი ვარ ჯერჯერობით. დამისახელოს კოტე თავზარაშვილმა ერთი პროექტი, რომელიც მისი ინიციატივით გაკეთდა. კაცმა ოთხი წელი არაფერი გააკეთა და პრეტენზია აქვს გორის მერობაზე. ჩემი აზრით, გორის მერის საუკეთესო კანდიდატი დავით ონიაშვილია, რომელმაც საქმე იცის და პრინციპული ადამიანი, არ დაემორჩილა არც ერთ გუბერნატორს" - აღნიშნა მან.

დავით ონიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ის პროექტები, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში დაიგო:

,,გაკეთდა გზა ნიქოზის მიმართულებით, დაიგო გზა ქიწნისთან, ხურვალეთთან, სკრასთან. ეს ყველაფერი ჩვენი ინიცირებული იყო, ჩვენი თანამონაწილეობით. დავამყარეთ კავშირები უცხოეთის ქვეყნებთან, ვაგზავნით ახალგაზრდებს უცხოეთში. უამრავი გეგმები გვაქვს და ამას განვახორციელებთ" - თქვა მან.

დავით ონიაშვილი გამგებლად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას ,,ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ვახტანგ ბერკაცაშვილიც ასევე ,,ქართული ოცნების" სახელით გახდა საკრებულოს წევრი. მანამდე, 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის პაპუნა კობერიძის მიერ, სოფლის წარმომადგენლად იყო დანიშნული.

დავით ონიაშვილმა შეხვედრის ბოლოდ, ადგილობრივ მკვიდრს, მამუკა მამუკაშვილს განუცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ,,იდეების ბანკს" გააკეთებს. მამუკა მამუკაშვილმა მას უსაყვედურა, რომ რატომ არ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი იდეებისა და ამ იდეების დაფინანსების შესახებ. მამუკა მამუკაშვილის თქმით, ის ,,ქართული ოცნების" წევრია, თუმცა მხარს ,,შენების მოძრაობას" უჭერს.

სოფლის სტუმრებს არ უხსენებიათ სიის პირველი ნომერი ბადრი ნანეტაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატია. ბადრი ნანეტაშვილის შესახებ ადგილობრივებსაც ვკითხეთ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მას არ იცნობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები