ახალი ამბები
4-წლიანი რემონტის შემდეგ ქვემო ხვითის საბავშვო ბაღი საწყობად იქცა (Video)
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის დირექტორი და მისი თანმხლები პირები ქვ. ხვითის საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ მოქალაქეს, გორიდან გასვლისას, წინასწარ აფრთხილებენ, რომ ძაღლი დაბმული დაახვედროს.

მოდარაჯე ძაღლი საბავშვო ბაღის შენობას ქურდებისგან იცავს, რადგან ინვენტარი და სხვა საშუალებები არავინ წაიღოს. უცხო სტუმრებს, მათ შორის, საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს არ სცნობს და შენობაში არ უშვებს. ამ ძაღლის პატრონი კი, ის ადამიანია, რომელიც ბაღის შენობაში ცხოვრობს. დაახლოებით, 7-8 წლის წინ, საცხოვრებელი სახლი დაენგრა და დროებით ბაღის შენობაში შეასახლეს.

ქვ. ხვითის ბაღის დირექტორი მაია გურასპაშვილი ერთი თვეა რაც ხელმძღვანელად დაინიშნა. მან უკვე რამდენიმე საყვედური მიიღო და დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში გაერთიანების დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლებს:

,,დაჟინებით მთხოვდა ბაღების გაერთიანების დირექტორი, რომ საბავშვო ბაღი 20 ოქტომბერს გაგვეხსნა. შეუძლებელია, ამ საბავშვო ბაღის გახსნა ამ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ, მოსაწესრიგებელია ბევრი რამ. რაც მთავარია, არ არის გათბობა და ელენერგიაც არაა შეყვანილი" - აცხადებს საბავშვო ბაღის დირექტორი მაია გურასპაშვილი.

აღსაზრდელების მშობლები, ასევე, აცხადებენ, რომ ამ პირობებში ბავშვებს არ ატარებენ.

შენობის პირველი სართული საწყობადაა ქცეული. არ არის გარემონტებული კედლები, არც იატაკია მოწესრიგებული.

გარემონტებულია მხოლოდ მეორე სართული, სადაც ორი ოთახი დაახლოებით 50 ბავშვზეა გათვლილი. აღნიშნულ შენობას რემონტი მიმდინარე წელს ინდმეწარმე ჯემალ ჭოველიძემ ჩაუტარა, რომელმაც დაახლოებით 34 500 ლარი დახარჯა. ამ თანხით, ქვემო ხვითის გარდა, ფხვენისისა და ბერშუეთის საბავშვო ბაღები გაარემონტა.



ამათგან, ქვემო ხვითისა და ფხვენისის (მეზობელი სოფლები) საბავშვო ბაღები ჯერ არ გახსნილია. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ხდება ბერშუეთის საბავშვო ბაღში.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნუგზარ ინჯია ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი დაკისრებული მოვალეობას არ ასრულებს.

,,რამდენჯერაც ავედი, ადგილზე არ დამხვდა, ასევე, არ პასუხობს ჩემ სატელეფონო ზარებს" - აცხადებს ინჯია. მისი თქმით, ბაღის დირექტორმა ჯერ მხოლოდ საყვედური მიიღო. რაც შეეხება საბავშვო ბაღის გახსნას:

,,რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ჩვენს გარეშე არ გაიხსნება. გახსნის წინააღმდეგი წავიდნენ აღსაზრდელების მშობლები. ისინი ითხოვენ ბუნებრივი აირით გათბობას, რაც მიმდინარე წელს არ ესწრება" - აცხადებს ინჯია.


გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულა: ,,რაც ევალდებოა კომპანიას, გააკეთა. ეს იყო მცირე ზომის სამუშაოები" - აცხადეს იგი.


მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟთან დაკავშირებით, ტენდერები ჩავარდა: ,,ახლა, როგორც ვიცი, გამოცხადებული აქვს ბაღების გაერთიანებას ტენდერი და მოხდება სისტემის მონტაჟი' - აცხადებს ტარიელ მაისურაძე. საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს, ქვემო ხვითისა და სხვა საბავშვო ბაღების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერები არ გამოუცხადებია.

,,ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ მოხდეს ელექტროქურებით გათბობა. რაზეც არ გვთანხმდებიან" - აცხადებს ინჯია.







Print

სტატიის გამოყენების პირობები