ახალი ამბები
საბავშვო ბაღის დირექტორს გათავისუფლებით ემუქრებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საბავშვო ბაღის გამგეს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ამის შესახებ მაია გურასპაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, სამსახურში სულ ერთი თვის წინ დანიშნეს და გამგეობის ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი უკვე გათავისუფლებით ემუქრება.

,,დაჟინებით მთხოვენ, რომ საბავშვო ბაღი 20 ოქტომბრამდე გავხსნა. ფიზიკურად, ამის შესაძლებლობა არ არსებობს. არ არის გათბობა, არ არის ელექტროენერგია შეყვანილი. სახლში მოვიდა ჩემთან ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი წარმომადგენელი და მითხრა, რომ ამის გამო გამათავისუფლებენ" - აცხადებს მაია გურასპაშვილი.

ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნუგზარ საჯარია ამბობს, რომ ქვემო ხვითი საბავშვო ბაღის დირექტორი ჯერ არ გაუთავისუფლებია: ,,საყვედური მიიღო უკვე ჩემგან, რომ ჩემ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რამდენჯერაც ჩავედი, ადგილზე არ დამხვდა" - აცხადებს ინჯია. ის ფიქრობს, რომ საბავშვო ბაღის გახსნა შესაძლებელია, რადგან გამგეობა ელექტროქურების მომარაგებას აპირებს.

მაია გურასპაშვილის თქმით, საბავშვო ბაღი მეოთხე წელია რემონტდება. სამუშაოები დასრულები არაა და შეუძლებელია, შენობის გახსნა. მან დახმარებისთვის გორის მერის კანდიდატს ,,ქართული ოცნებიდან" კოტე თავზარაშვილს მიმართა. კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაზე ზეწოლას მუნიციპალიტეტის გამგებელი ახორციელებს, რომელიც ,,შენების მოძრაობიდან" ასევე მერის კანდიდატია.

,,ეს უნდათ წინასაარჩევნოდ პიარისთვის გახსნან. რეალურად, კი საბავშვო ბაღში ბევრი რამ გასაკეთებელი დატოვა, ამიტომ, როგორც კი, დავით ონიაშვილი გამგებლობიდან წავა, ნახავთ, ძალიან მალე გაიხსნება საბავშვო ბაღი" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები