ახალი ამბები
უფლისციხის ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში საბავშვო ბაღი, ოფიციალურად, 2 ოქტომბერს გაიხსნა. მიუხედავად ამისა, სარემონტო სამუშაოები კომპანია ,,მოურავს" ჯერ დასრულებული არა აქვს.

გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის თქმით, ობიექტი ექსპლუატაციისთვის მზად არაა, თუმცა, ბავშვებისთვის იქ ყოფნა საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 21 ივნისს დაიწყო და 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ამ ხნის განმავლობაში ცვლილებები პროექტში ორჯერ შევიდა. პირველად 20 სექტემბერს, შემდეგ - 13 ოქტომბერს.

ტენდერის საწყისი ღირებულება 200 000 ლარი იყო, თუმცა, კომპანიამ გამგეობას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 160 000 ლარად შესთავაზა. შენობის ორი ოთახის რეაბილიტაციის გარდა, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი და გათბობის სისტემა. ამ ეტაპზე უფლისციხე გაზიფიცირებული არაა, თუმცა, მომავლისთვის ცენტრალურ ქსელთან მიერთების შესაძლებლობა არსებობს.

ხელშეკრულების მიხედვით, რეაბილიტაცია დაახლოებით 265 კვ.მ ფართობს ჩაუტარდა, რაც შენობის პირველი სართულის ნაწილს მოიცავს. ღიად დატოვებულ მეორე სართულზე ,,მოურავის" თანამშრომლები ფანჯრებს.

,,წარმოიდგინეთ, პირველი სართული გაკეთდა და მეორე სართული ღიაა. ეკონომიები მოგვრჩა და ამ თანხით გვინდა, რომ ეს პრობლემაც აღმოვფხრვათ. წვიმა თუ ჩავიდა მეორე სართულზე, ბუნებრივია, პირველ სართულსაც დააზიანებს. იმედი მაქვს, რომ საბავშვო ბაღის პერსონალი სამუშაოების დასრულებამდე ბავშვებს ყურადღებას მიაქცევს და მეორე სართულზე არ გაეპარებიან." - აცხადებს ანესაშვილი.

საბავშვო ბაღში ამჟამად 30 აღსაზრდელი ირიცხება. ზამთრის პერიოდში შენობის გათბობა ელექტროგამათბობლებით მოხდება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები