დღეს, ისრაელის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სასწავლო ვიზიტის
ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. ამ წუთებში ისინი სოფელ
ერგნეთში ,,ომის მუზეუმში" იმყოფებიან, შემდეგ კი, ნიქოზში
გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობას
გაეცნობიან და ამბულატორიის ხელმძღვანელს შეხვდებიან.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წასვლამდე ისინი გორის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებს
შეხვდნენ. განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი გოგიაშვილმა მათ
ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და
ომგამოვლილი თაობის მიმართ ფსიქოსარეაბილიტაციო კუთხით გატარებულ
ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯგუფი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,
საქართველოს პარლამენტს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს,
რონდელის ფონდს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა
თვითმმართველობის წარმომადგენლებს თბილისში. გასვლითი ვიზიტების
ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ წეროვანის დევნილთა დასახლებას,
შეხვდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდული
ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ისრაელის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საქართველოში პროექტის
„კულტურათაშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატია“ ფარგლებში
იმყოფებიან, რომელსაც საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი
ქართლოსი, ისრაელის პარტნიორ ორგანიზაცია „სპარკპროსთან“
თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ისრაელის უმაღლესი
სასწავლებლების სტუდენტთა ჯგუფების სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას
საქართველოში, რომელთა განმავლობაშიც იმართება შეხვედრები საქართველოს
სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და აგრეთვე ხდება საქართველოს
კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან გაცნობა.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს იყო მოცემული პროექტის ფარგლებში
განხორციელებული, პროექტი მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და
ისრაელს შორის არსებული მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას და
გააგრძელებს მსგავსი სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას როგორც
საქართველოში ასევე ისრაელში.
სტატიის გამოყენების პირობები