ახალი ამბები
,,ქარელში ამომრჩევლებს ვენახ-ვენახ ეძებენ და უბნებზე მიჰყავთ"- აცხადებს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩევლებს ვენახ-ვენახ ეძებენ და შემდეგ საარჩევნო უბნებზე მიჰყავთ. ამის შესახებ განცხადებას მერის კანდიდატი, ზურაბ ქველაძე აკეთებს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის კოორდინატორები და მინი კოორდინატორები მიკროავტობუსებით მოქალაქეების მობილიზებას ახდენენ.

,,ვინც ოჯახებში არ ხვდებათ, შემდეგ მიდიან მათ ვენახებში და იქიდან მიჰყავთ უბნებზე" - ამბობს ზურაბ ქველაძე.

,,გარდა ამისა, წუხელ, მთელი ღამე იმუშავეს კოორდინატორებმა. ყველა პლაკატზე, რომელიც ჩვენ გავაკარით, მმართველი გუნდის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის ლაკატებია გადაკრული" - აცხადებს ზურაბ ქველაძე.

ცესკოს მონაცემებით, შიდა ქართლში ყველაზე მაღალი აქტივობაა სწორედ ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც 15 საათის მონაცემებით, 37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე 10 784 მოქალაქე გამოცხადდა (29,1 %).

,,ვხედავ ამომრჩეველს ფლოსტებით და საშინაო ტანსაცმლით მოსულ ამომრჩეველს, ზოგს ხელში სამუშაო იარაღი, თოხი და ბარი უჭირავს. ჩამოდიან მარშუტკიდან აძლევენ ხმას და ისევ სხდებიან, როდესაც შეივსება, ისევ მიყავს მარშუტკას უკან. მაქვს ინფორმაცია, რომ კარდაკარ დადიან ,,ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები და თავისივე ტრანსპორტს სთავაზობენ ამომრჩეველს, ოღონდაც მივიდნენ და მხარი დაუჭირონ მას.“- აცხადებს ზურა ქველაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები